„თბილისი ბაქოს მოთმინებას ცდის“ – რას წერს პროსამთავრობო აზერბაიჯანული მედია

„საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval Politika-მ „ქართული ოცნები“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატია. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში შემაშფოთებელი ცვლილება შეინიშნება“, რაც „არა იზოლირებული ბიუროკრატიული ხარვეზების, არამედ მთელი რიგი გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური ლოგიკის ცვლილებაზე მიუთითებს“.       

გამოცემა წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია და აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან სისტემატურ შეფერხებებს აწყდებიან, საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემის გადასაჭრელად არც პოლიტიკური ნება და არც მართვის უნარი არ გამოავლინა.

Minval Politika აღნიშნავს, რომ მით უფრო მოულოდნელია თბილისის ახალი ნაბიჯი რეგიონული სატრანსპორტო არქიტექტურის შესახებ განხილვების ფონზე.

აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ერთი კვირის წინ, 28 ნოემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ ქაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა, რომელსაც ვიცე-პრემიერები შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი უძღვებოდნენ. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. როგორც Minval Politika-ს წყაროები ამბობენ, ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა — „პროექტი, რომელსაც შეუძლია ბაქოსა და ერევნისთვის ეკონომიკური დივიდენდების მოტანა და რეგიონში მშვიდობიანი განვითარების სივრცის გაძლიერება“.

„თუმცა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობა საქართველოს გავლით ტრანზიტს ერთადერთ მარშრუტად აქცევს. აზერბაიჯანმა სწორედ ამიტომ მოითხოვა თბილისს გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე ტარიფების დაწესება.

საქართველოს პასუხი ერთგვარი ინდიკატორი იყო — არა მხოლოდ მისი კომერციული პოზიციის, არამედ მისი პოლიტიკური აზროვნებისაც. ჩვენი მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი წარადგინა, რაც კილომეტრზე ტონაზე 0.82 დოლარს შეადგენს! ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარება საპირისპიროს აჩვენებს.

შედარებისთვის, მსგავსი ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანში, 680 კმ მანძილზე, იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე, 17 აშშ დოლარის ტარიფით ხდება, რაც ტონისთვის კილომეტრზე 0.02 აშშ დოლარს შეადგენს. ეს 40-ჯერ ნაკლებია შემოთავაზებულ ქართულ ტარიფზე. 40-ჯერადი სხვაობა განზრახვის მაჩვენებელია და ბაზრის.

უფრო მეტიც, საქართველოს ფარგლებში, მსგავსი ტვირთები ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტებში 360–396 კილომეტრის მანძილზე 17 დოლარად იგზავნება, რაც 0.04–0.05 დოლარია კილომეტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის ხელსაყრელია, ტარიფი 20-ჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის შემოთავაზებული. აქ ეკონომიკური ლოგიკა პოლიტიკურ სიგნალს უთმობს ადგილს“, – სტატიის ავტორის თქმით, ასეთი საქციელი გარდაუვლად იწვევს დაბნეულობას.

გამოცემა Minval Politika წერს, რომ საქართველო, რომელიც თანამედროვე ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში აზერბაიჯანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, ახლა ავლენს ქცევის ისეთ მოდელს, რომელიც  მის საკუთარ გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება - „არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძირს უთხრის მთავარი პარტნიორის ნდობას, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლოჯისტიკური მონოპოლია აღარ არის უალტერნატივო“.

„ვითარდება რეგიონული კავშირის პროექტები და ძველი არქიტექტურის ძალისმიერი ზეწოლით შენარჩუნების მცდელობები მხოლოდ აჩქარებს მის ეროზიას.

დღეს საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მდგრადი რეგიონული მშვიდობის არქიტექტურისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას. იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გადავიდეს კონფლიქტის ლოგიკიდან განვითარების ლოგიკაზე, თბილისის ქცევა ამ გარდამავალი პროცესის შეფერხების მცდელობად გამოიყურება. ძნელია ასეთ პოლიტიკას სხვა რამ უწოდო:  ის არა მხოლოდ ძირს უთხრის რეგიონული მშვიდობის საერთო დინამიკას, არამედ საერთო კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობის სურვილის არქონას აჩვენებს.

თბილისმა უნდა გააცნობიეროს, რომ უსაფუძვლო ბარიერების პოლიტიკა გარდაუვლად წარმოშობს საპასუხო გადაწყვეტილებებს. ქვეყანას, რომლის ეკონომიკაშიც ბაქო ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად დებდა ინვესტიციებს და რომელსაც მხარს უჭერდა, არ შეუძლია საკუთარ თავს მისცეს იმის ფუფუნება, აზერბაიჯანის ინტერესები უგულებელყოს. პასუხისმგებლობა სახელმწიფოების სიმწიფის მთავარი კრიტერიუმია და საქართველო ამჟამად ამ სიმწიფის გამოცდას გადის.

მით უფრო ნიშანდობლივია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიული მეხსიერება. საქართველოსა და რუსეთის შორის მწვავე დაძაბულობის პერიოდში ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის იარაღად და არ დაუდგინა მას ზედმეტად მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და თითქოს ნებისმიერ პირობაზე დათანხმდებოდა. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია — პარტნიორის და არა სარგებლის მიმღების. სწორედ ამიტომ ჩნდება დღეს ლოგიკური კითხვა: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ ვითარებას? დუმილით დაკმაყოფილდება და მდუმარედ გააგრძელებს მსგავს ქმედებებს, თუ იპოვის საკუთარ თავში პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ პრობლემა ღიად აღიაროს და თანამშრომლობისკენ, და არა კონფრონტაციისკენ გადადგას ნაბიჯი?“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.