ცხინვალის ახალი „პრემიერ-მინისტრი“ მარატ კამბოლოვი იქნება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ძამბოლათ თადტაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია 8 ივნისს, იმ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები“ განიხილეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თადტაევის თხოვნა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომის ბრძანებას ხელი მოაწერა.

ეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობაში უკვე მეორე ცვლილებაა. ძამბოლათ თადტაევის „კაბინეტი“ მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობდა, მას შემდეგ, რაც წინა ე.წ. პრემიერის, კონსტანტინე ჯუსოევის მთავრობა დაითხოვეს.

გაგლოევმა დე ფაქტო პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად მარატ კამბოლოვის კანდიდატურა წარუდგინა. კამბოლოვი სულ ახლახან, 27 მაისს, დაინიშნა „პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“. ამ თანამდებობაზე ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ალან გაგლოევის მიერ 9 მაისს კრემლში ხელმოწერილი „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების“ ხელშეკრულების განხორციელებას კურირებდა.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივ ანექსიად ფასდება, ითვალისწინებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების „ჰარმონიზაციას“, აგრეთვე თავდაცვითი ურთიერთქმედების გაფართოებას.

ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ შეთანხმებების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა იქნება.

პარალელურად, ოსურ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვმა უმოკლეს დროში უშუალოდ დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადადგომაც მოითხოვა.

ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ კრემლი კამბოლოვის კანდიდატურას 2027 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამზადებს. ვინაიდან ის ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში მუდმივად არ ცხოვრობდა, მას ე.წ. ბინადრობის ცენზის პრობლემა აქვს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის მოგვარებაც იგეგმება, რის შემდეგაც ის მოსკოვის მხარდაჭერით „არჩევნებში“ მიიღებს მონაწილეობას.

 

ვინ არის მარატ კამბოლოვი

61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა. დამთავრებული აქვს ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი (იურისპრუდენცია) და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია (სახელმწიფო მართვა).

კამბოლოვი 1990-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა ფედერალურ უწყებაში: 1991-1994 წლებში იყო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1994-1997 წლებში ეროვნულ საქმეთა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997-2003 წლებში რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 2004-2010 წლებში იკავებდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს, ხოლო 2010-2014 წლებში იყო რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

2014 წლიდან მარატ კამბოლოვი სამუშაოდ გადავიდა ეროვნულ კვლევით ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტში“, სადაც 2025 წლამდე ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის: დირექტორის პირველი მოადგილის, ვიცე-პრეზიდენტისა და დირექტორის პოზიციები. „კურჩატოვის ინსტიტუტის“ პრეზიდენტია მიხეილ კოვალჩუკი.

2012, 2014 და 2018 წლებში პუტინმა კამბოლოვი დააჯილდოვა „მეგობრობის ორდენით“, ასევე, „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV და III ხარისხის ორდენებით. მარატ კამბოლოვს მჭიდრო კონტაქტები აქვს სერგეი კირიენკოსთან – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რომელიც რუსეთის შიდა პოლიტიკას კურირებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.