რატომ აღარ იბადებიან ბავშვები - იდეოლოგიური მითი თუ ეკონომიკური ჩიხი

საქართველოში მოსახლეობის კლების ტენდენცია საგანგაშო ნიშნულს აღწევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2025 წელს მხოლოდ 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის მესამედით ნაკლებია. ქვეყანაში სიკვდილიანობა შობადობას საგრძნობლად აჭარბებს. გასულ წელს 44 319 ადამიანი გარდაიცვალა.

 

„მსოფლმხედველობრივი გამოწვევა“

შობადობის ისტორიულ მინიმუმს „ქართული ოცნება“ შეთქმულების მორიგი თეორიით ხსნის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრობლემა არა სოციალურ ფონში, არამედ ღირებულებებშია:

„გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც დადებითი გაგებით უნდა დავუპირისპირდეთ. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი შემცირებულია, რაც პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი.

ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში კი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროცესები ძალიან დამძიმდა.

საინტერესო დეტალია: მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში 2014 წლიდან მაჩვენებელი მომატებულია და სტაბილურად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მკვეთრად იკლებს მხოლოდ პირველი და მეორე შვილის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ამას სოციალური მიზეზი არ აქვს.

Image

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითად განვითარებას“.

 

მშობლების წუხილი

ჩვენი რეპორტაჟის გმირებად შეგნებულად შევარჩიეთ საშუალო ფენის წარმომადგენლები - ექიმი, ჟურნალისტი და მასწავლებელი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს დასდგომიათ საარსებო შემწეობის საჭიროება. პირიქით, ისინი ბიუჯეტის შემვსები აქტიური გადამხდელები არიან. სამივე მათგანი სამ-სამი შვილის მშობელია.

ანი ქავთარაძე, ექიმი: „ჩემი შვილი, თინათე, ხელოვნურ რძეს სვამს. ერთი 800-გრამიანი ქილა 77 ლარი ღირს და ერთი კვირაც არ ჰყოფნის. სამწუხაროა, როცა მაღალჩინოსნები საკუთარი შემოსავლებით საზღვრავენ სხვა ადამიანების ბედ-იღბალს“.

ხშირად ბავშვთა კვება და მოვლის საშუალებები იმდენად ძვირია, რომ ოჯახებს ემიგრაციაში მყოფი ნათესავები უგზავნიან. ჟურნალისტი თამთა ჯანაძე ტყუპებს რვა თვემდე ძუძუთი კვებავდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხელოვნურ საკვებზე გადასვლა მოუხდა: „ემიგრაციაში მყოფი მულები მიგზავნიდნენ ხელოვნურ რძეს, რომელიც ჩემს შვილებს სჭირდებოდათ. ეს რძე აქ, აფთიაქებში რომ ვნახე, ზუსტად გასამმაგებული ფასი ჰქონდა“.

როცა თამთა ჯანაძე უმუშევარი დარჩა მას შემდეგ, რაც, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ კრიტიკული მედიისთვის თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ დატოვა, ოჯახისთვის ერთადერთ გამოსავლად ემიგრაცია იქცა: „ჩემი ქმარი საზღვარგარეთ წავიდა, რომ შვილების საჭიროებებისთვის ფული გამოაგზავნოს. სამარცხვინოა, როცა დედებს ფსევდოლიბერალიზმის იარლიყს გვაკერებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვახერხებთ გაჩენილი შვილების მოვლას იმ ქვეყანაში, სადაც ტროტუარიც კი არ არსებობს ეტლისთვის“.

პედაგოგი გოტა ჭანტურია კი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მხარდაჭერის არარსებობაზე საუბრობს: „3 წლამდე ბავშვს სახელმწიფო საერთოდ ვერ ხედავს. როცა 14 წელია ხელისუფლებაში ხარ და ვერაფერს ცვლი, საგანგაშო მაჩვენებლები რაღაცას ხომ უნდა დააბრალო? „ქართულ ოცნებას“ სასკოლო კვებაც კი არ დაუნერგავს“.

გოტა ყურადღებას განათლების ხარისხზეც ამახვილებს. როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში კერძო სკოლის მოსწავლეებს ორჯერ უკეთესი შედეგები აქვთ საჯარო სექტორთან შედარებით. მშობლებისთვის შვილების ჯეროვანი განათლება დამატებითი ბრძოლის საგანია და ყოველი შემდეგი შვილის შემთხვევაში კიდევ ახალი ბრძოლა და ფინანსური წნეხია.

სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს თამთა ჯანაძეც: „დიდ დიღომში, ჩემს უბანში ეტლით ბავშვის გასეირნება თითქმის შეუძლებელია - ტროტუარები არ არის. ბაღის ჯგუფებში კი 40-50 ბავშვია. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მშობელს გაქვს, ისაა, რომ ბავშვი სახლში ცოცხალი წამოიყვანო. განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. სკოლის პერიოდში ხარჯები კიდევ უფრო იზრდება, რადგან დაბალი აკადემიური დონის გამო იძულებული ხარ, ბავშვი სხვადასხვა წრეზე ატარო, რაც ძალიან ძვირია“.

შობადობის ისტორიული მინიმუმის ახსნას ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით ცდილობს ის ხელისუფლება, რომლის მაღალჩინოსნებიც სწორედ ამ „ლიბერალურ“ ქვეყნებს ირჩევენ შვილების გასაჩენად, სამკურნალოდ თუ განათლების მისაღებად.

თამთა ჯანაძე კატეგორიულად უარყოფს იდეოლოგიურ გავლენებს და ამბობს, რომ ბევრი ქალისთვის კიდევ ერთი შვილის გაჩენა მხოლოდ ფინანსური ბარიერის გამოა შეუძლებელი. მისივე თქმით, გაჩენილი შვილების მოვლა ყოველდღიური ბრძოლაა, ხელისუფლების მხრიდან კი მშობლებისთვის არეული შეხედულებების იარლიყის მიწებება უბრალოდ სამარცხვინოა.

შობადობის კატასტროფულ კლებას ქვეყნიდან ბავშვების მასობრივი გადინებაც ემატება. სახალხო დამცველის მონაცემებით,

ბოლო ხუთ წელიწადში საქართველო თითქმის 20 000-მა მოსწავლემ დატოვა და საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა.

ასეთ ვითარებაში მსოფლმხედველობრივ პრობლემებზე გვესაუბრება იმ ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, სადაც ჯართის შესაგროვებლად წასული ბავშვები თხრილებში იხრჩობიან, შადრევანში დენის დარტყმა კი ჩვეულებრივ ამბად იქცა. ანი ქავთარაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში მშობლობა მუდმივ შიშთანაა დაკავშირებული - შიშთან, რომ მშენებლობიდან რამე არ დაგეცეს ან სკვერში სეირნობისას ბავშვს საფრთხე არ შეექმნას.

ამას ემატება თამთას მიერ აღწერილი ყოველდღიური ყოფა: „ოჯახს მინიმუმ 2000-3000 ლარი სჭირდება, რომ უბრალოდ იარსებოს. ყველაფერი გაძვირებულია და არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ შვილებისთვის ჯანსაღ პროდუქტს ყიდულობ. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს სკინტლნაჭამი ძროხის რძეს ვასმევთ, ხორცის ან ბოსტნეულის ყიდვისას კი არ იცი, ვადაგასული ხომ არ არის ან პესტიციდების რა რაოდენობაა პროდუქტში და ხომ არაა მომწამვლელი.“

 

მეცნიერული კვლევები შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ

კობახიძის პოზიციას, თითქოს შობადობის კლებას უფრო მსოფლმხედველობრივი საფუძვლები აქვს, ვიდრე ეკონომიკური, მეცნიერულად აქარწყლებს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების - კლაუდია გოლდინისა (ჰარვარდი) და გარი ბეკერის (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) კვლევები.

მთავარი მიგნებაა, რომ შობადობის გაზრდას ხელს უწყობს არა ტრადიციონალიზმი, არამედ ეკონომიკური განვითარება და ოჯახში გენდერული თანასწორობა.

გოლდინი ამტკიცებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ მოდელს, სადაც ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის საქმეა, ყველაზე სწრაფად ქრებიან. მაგალითად, სამხრეთ კორეაში, სადაც ტრადიციული ნორმები ძლიერია, შობადობა კრიტიკულ ზღვარს მიღმაა (0.72). ქალები უარს ამბობენ შვილზე, რადგან კარიერისა და „სახლის მონობის“ შეთავსება შეუძლებელია.

გარი ბეკერის თეორიით კი, რაც უფრო ძვირდება ბავშვის განათლება, ჯანდაცვა და კვება, მით მეტად ამცირებენ მშობლები მათ რაოდენობას. ეს მათემატიკური რაციონალიზმია და არა იდეოლოგია.

 

საერთაშორისო გამოცდილება: რა მუშაობს რეალურად

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ შობადობა იზრდება იქ, სადაც სახელმწიფო იზიარებს ბავშვის აღზრდის ხარჯს:

  • შვედეთი: 1974 წლიდან შემოიღო მამების დეკრეტული შვებულება. როცა მამა ჩართულია მოვლაში, დედას მეორე და მესამე შვილის გაჩენის სურვილი უჩნდება.
  • დანია: ოჯახის მხარდაჭერაზე მშპ-ს 4%-ს ხარჯავს. ბაღებზე წვდომა 1 წლის ასაკიდანაა უზრუნველყოფილი.
  • საფრანგეთი: ხარჯავს მშპ-ს 3.5%-ს და შედეგად ევროპაში ყველაზე მაღალი შობადობა აქვს.
  • პოლონეთი და უნგრეთი: სცადეს მხოლოდ იდეოლოგიური და ფულადი წახალისება სტრუქტურული ცვლილებების (ბაღები, დასაქმება) გარეშე. შედეგად, 2024-2025 წლებში შობადობა ისევ ისტორიულ მინიმუმზეა.

იმ ქვეყნებმა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და თან ლიბერალური ღირებულებები შეინარჩუნეს (დანია, საფრანგეთი, გერმანია), შობადობა მისაღებ ფარგლებში შეინარჩუნეს. საპირისპიროდ, ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ შენარჩუნდა კონსერვატიული სტრუქტურები (საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი), შობადობის კოეფიციენტი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა.

ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უძრავი ქონების გაძვირება პირდაპირ კავშირშია პირველი შვილის დაგვიანებასთან. „საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის ინდექსის“ კვლევის თანახმად, როცა საცხოვრებლის ფასი შემოსავალზე სწრაფად იზრდება, შობადობა საშუალოდ 10-15%-ით მცირდება.

Image


შოკისმომგვრელი სტატისტიკა

საქართველოში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ დემოგრაფიული კრიზისის მიზეზი სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ემიგრაციაა:

  • საქართველოში 3-შვილიანი ოჯახების 71% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
  • ბოლო 5 წელში 20 000-მა მოსწავლემ დატოვა სკოლა და ემიგრაციაში წავიდა.
  • ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.
  • წელიწადში საშუალოდ 300 ბავშვი შიმშილთან დაკავშირებული მიზეზებით იღუპება.

ირაკლი კობახიძე შობადობის კლებას ე.წ. ლგბტ პროპაგანდას და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკავშირებს, თუმცა აკადემიური მიმოხილვები აჩვენებს, რომ ეს მიდგომა პოპულისტიურია და პრობლემის რეალური მიზეზებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. განვითარებულ ქვეყნებში, რომლებსაც კობახიძე უარყოფით კონტექსტში იშველიებს, შობადობის კლება განპირობებულია არა იდეოლოგიით, არამედ განათლებასა და კარიერაში გაზრდილი ინვესტიციებით.

საქართველოში შობადობა ყოველწლიურად იკლებს: თუ 2020 წელს 46 520 ბავშვი დაიბადა, 2025 წელს ეს რიცხვი 37 867-მდე შემცირდა. ტენდენცია უცვლელად ნეგატიურია: 2021 წელი - 45 946; 2022 წელი - 42 319; 2023 წელი - 40 214; 2024 წელი - 39 483.

ავტორი: მიხეილ გოგუაძე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.