გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა

„პუბლიკას“ ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ეპიზოდების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებს დანიშნული სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ: დემეტრე ჩიქოვანს საწყის ეტაპზე 13 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა შეღავათის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელად 9 წელი და 9 თვე განესაზღვრა. ანი ნასყიდაშვილს საწყის ეტაპზე 7 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო შემცირების შემდეგ საბოლოო სასჯელად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში, ანი ნასყიდაშვილი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

ცალკე საქმეზე, რომელიც 5 ეპიზოდს მოიცავს (მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას), ჩიქოვანს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე ეპიზოდზე გასამართლებულ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10-10 წელი და 6 თვე მიესაჯათ.

ბრალდების თანახმად, 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული გეგმის საფუძველზე, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე თავს დაესხნენ გიგა ავალიანს. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, მასწავლებელი 2025 წლის 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანი ნასყიდაშვილის შემთხვევაში ბრალდება იმას ეფუძნებოდა, რომ მან იცოდა მზადდებოდა/ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, თუმცა ეს სამართალდამცავებისთვის არ შეუტყობინებია.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულებისთვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ, მადლობა გადაუხადა მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის და პოზიცია დააფიქსირა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ მათ, ვინც გარეთ დარჩნენ: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი მიწაში ჩავფინე და გგონიათ, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი“.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.