ფიქციური ქორწინება მოქალაქეობის/ბინადრობისთვის 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება

უცხოელი სტუდენტები საქართველოში

საქართველოში მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით დადებული ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფიქციური ქორწინების გამოვლენის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ვადით; თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით; უცხოელის საქართველოდან გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას 2-დან 10 წლამდე ვადით.

ქორწინების ნამდვილობის შესამოწმებლად მთავრობა სპეციალურ კომისიას შექმნის. გარდა ამისა, ინერგება ახალი ტიპის ბინადრობის ნებართვა - „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა“, რომელიც მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვებამდე გაიცემა.

ცვლილებები სრულად ცვლის უცხოელი სტუდენტების სტატუსის მინიჭებისა და მონიტორინგის წესს: სავალდებულო ხდება ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ენის გამოცდის ჩაბარება. მთავრობა დაადგენს უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალურ კვოტებს. სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (ჩარიცხვა, მობილობა, შეწყვეტა) ერთიან სახელმწიფო სისტემაში ასახონ. აღრიცხვის წესის დარღვევისთვის დაწესდება ჯარიმა, სტუდენტების მიღების შეზღუდვა ან ავტორიზაციის გაუქმება.

სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ სრულწლოვან პირებზე. ასევე, ნებართვა გაუქმდება, თუ სტუდენტი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იღებს უფლებამოსილებას, განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად.

მცირდება სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და საქმის განხილვის ვადები; რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

უცხოელი მსჯავრდებულებისთვის შესაძლებელი ხდება სასჯელის მოუხდელი ნაწილის ჩანაცვლება ქვეყნიდან გაძევებითა და შემოსვლის აკრძალვით.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუსტიციისა და განათლების უწყებებთან ერთად შეიმუშავა, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 23 ივნისის სასესიო კვირაში უნდა განიხილოს.

საქსტატის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლისთვის საქართველოს უნივერსიტეტებში 37 125 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა. შედარებისთვის, 2016 წელს უცხოელების წილი 5% იყო, 2022 წელს კი – 11%. ამ სტუდენტების 80%-ზე მეტი შვიდი ქვეყნიდანაა: ინდოეთი, იორდანია, ისრაელი, სუდანი, პაკისტანი, გაერთიანებული სამეფო და ეგვიპტე.

სპეციალობების მიხედვით, 37 125 სტუდენტიდან უდიდესი ნაწილი, 33 854 ადამიანი, სამედიცინო განათლებას იღებს. დანარჩენი სტუდენტები გადანაწილებულნი არიან შემდეგნაირად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (1 337), ბიზნესი და სამართალი (1 298), საინჟინრო საქმე (264) და სხვა სპეციალობები (372).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.