პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პოლიციელი დააკავა. უწყების განცხადებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა მოქალაქის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რამაც დაზარალებულის უფლებების არსებითი დარღვევა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 6 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
დაკავებულ პოლიციელებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აცხადებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პროკურატურამ უარი თქვა თავად დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე. ადვოკატის ინფორმაციით, ლოცულაშვილი თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.
„პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ არ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა. მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა ფორმალურად კვლავ ბრალდებულად ითვლება. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკავშირდება“, - განაცხადა ლოცულაშვილის ადვოკატმა, რევაზ რევაზიშვილმა.
პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად პაპუნა ლოცულაშვილს გულმკერდის არეში მეორე ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. სამედიცინო შემოწმებით აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმა და სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობა და ღრძობა.
ექიმების შეფასებით, მიღებული დაზიანებები არ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას, ამიტომ პაციენტი შესაბამისი რეკომენდაციებით ამბულატორიულ მკურნალობაზე გაიწერა.
პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი ხილული დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, მას მხარზე, მუცელსა და ფეხებზე აქვს სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები და ჩალურჯებები. ძალადობის შედეგად მიღებული დაჭიმულობის გამო, პაციენტს ხელზე სპეციალური სარტყელი დაადეს.
რაც შეეხება ინციდენტის დროს დაშავებულ მეორე პირს, ლაშა აბისონაშვილს, მისი დედის განცხადებით, შვილს დაზიანებები ფეხისა და შუბლის არეში აქვს. როგორც ელიკაშვილი ყვება, შუბლის დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც პოლიციელებმა ის წააქციეს და თავზე ფეხი დაადგეს. ორივე დაზარალებულმა, სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში მიმართვამდე, შესაბამისი ექსპერტიზა გაიარა.
შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 27 მაისს მოხდა. ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ათზე მეტი პოლიციელი ორ მოქალაქეს - პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს. კადრებში ჩანს, როგორ აგდებენ პოლიციელები მოქალაქეებს მიწაზე და თავის, მუცლისა და ფეხების არეში წიხლებით ურტყამენ. მიწაზე დაგდებული და ხელებშეკრული პაპუნა ლოცულაშვილი პოლიციელებს სთხოვს, შეწყვიტონ ცემა, თუმცა ძალადობა გრძელდება.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლოცულაშვილს ცივი იარაღი ჰქონდა, რასაც ლაშა აბისონაშვილი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის შემთხვევის ადგილზე მეგობრის დასახმარებლად მივიდა, მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები ლოცულაშვილს.
მომხდარს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მან ძალადობის ამსახველ კადრებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება იქნება.
