„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ დანაშაულს ეხმაურება, რა დროსაც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ორი მოქალაქე - პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი. დარახველიძის მტკიცებით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო ღონისძიება, რომლის დროსაც ლოცულაშვილი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცველს „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უწყება გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მზადაა, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. მისი თქმით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე დაკავებულია შსს-ს 6 მოქმედი თანამშრომელი.
„კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც
გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით - ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცა და მიმდინარეობს ორივე ეპიზოდის, როგორც პოლიციელების მიერ ძალადობის, ისე „მოქალაქის მხრიდან თავდასხმის“ შესწავლა.
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი მინისტრის მოადგილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს და მას პოლიციელთა სისასტიკის გადაფარვის მცდელობას უწოდებს.
„ეს არის მცდელობა, რაღაცნაირად გამართლდეს ის საშინელი ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. სრულიად გამორიცხულია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიციელზე ქვით ეძალადათ – ეს უბრალოდ გამოგონილია. იმ სისასტიკის ფონზე, რაც პოლიციელებმა გამოიჩინეს, ეს ვერსია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – მოიძებნოს მიზეზი მათი გაუმართლებელი აგრესიის შესანიღბად.
ჩვენ საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ, რადგან დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციელების მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად უმიზეზო ძალადობა“, – აცხადებს ადვოკატი.
მინისტრის მოადგილის ვერსიას უარყოფს პაპუნა ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილიც:
„ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, ფიზიკურადაც. ნეკნი აქვს ჩამტვრეული, სახე მთლიანად ჩალურჯებული, ხელები, ფეხები და კისერი - მთელ ტანზე აქვს ნაჭდევები. ვიდეოში ჩანს, რომ 30 კაცი ურტყამდა. დაბმულს რომ ურტყამენ, ის კარგად როგორ იქნება?
სახეში ფეხებს გამეტებით ურტყამდნენ! ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო და სულში ჩააფურთხო - ფიზიკურადაც, სულიერადაც და მორალურადაც გაანადგურეს“.
გიგლა ლოცულაშვილი მოითხოვს, მის ძმას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნას: „პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენი პირია დასასჯელი ამ ამბავზე. ერთი რაც მაინტერესებს, ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა. რაში სდებენ ბრალს? ვერ ვხვდები“.
დანაშაული გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 27 მაისს მოხდა. ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პოლიციელები ორ მოქალაქეს. მათ ძირს აგდებენ და თავის, მუცლისა და ფეხების არეში წიხლებით, ჯგუფურად ურტყამენ. მიწაზე დაგდებული და ხელებშეკრული პაპუნა ლოცულაშვილი პოლიციელებს სთხოვს, შეწყვიტონ ცემა, თუმცა ძალადობა გრძელდება. დაზარალებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული. პაპუნა ლოცულაშვილი გუშინ დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 თანამშრომელი, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდნენ. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
