პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ათზე მეტი პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავისუფალია. პროკურატურამ მას ბრალი არ წაუყენა. ეს ინფორმაცია „საქართველოს ამბებს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. ძალადობაში მონაწილე არცერთი პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ლოცულაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე თავდაპირველად აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას (სსკ-ის 353-ე მუხლი) ედავებოდნენ, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი პოლიციის სამმართველოდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით ექსპერტიზის ჩასატარებლად წაიყვანეს. საბოლოოდ, პროკურატურამ მისთვის ბრალის წარდგენაზე უარი განაცხადა. 

დანაშაული გორში დღეს დილით მოხდა. ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა და გიორგი ახალკაცმა გადაიღეს, როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს - პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს.

კადრებში ჩანს, როგორ წააქციეს პოლიციელებმა მოქალაქეები და მათ თავის, მუცლისა და ფეხების არეში წიხლებით სცემდნენ.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავებულ ლოცულაშვილს ცივი იარაღი ჰქონდა, რასაც აბისონაშვილი კატეგორიულად უარყოფს.  

აბისონაშვილი შემთხვევის ადგილზე მეგობრის დასახმარებლად მივიდა, როცა დაინახა, რომ პოლიციელები მას სცემდნენ: „მე და ჩემი ძმაკაცი გვცემეს მაგრად. მანქანა „მიუშვეს“. ამას შელაპარაკება მოჰყვა და მაგრად სცემეს. ვაშველებდი და შემდეგ მეც მცემეს. 28-29 წლისაა ჩემი მეგობარი, სამსახურში, შესვენებაზე იყო გასული და მიდიოდა ფეხით. ეს საუბარი იყო: „რატომ მომიშვიო [მანქანა]“. ჩხუბი რომ დაიწყო, შემდეგ მივედი. მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით. არ ვიცი მიზეზი [რატომ სცემეს]. დარწმუნებული ვარ, მანაც არ იცის. არ ედო ბორკილები [ფიზიკური დაპირისპირებისას]. მე თავზე, ასევე, ფეხზე მაქვს დაზიანება“ - თქვა ლაშა აბისონაშვილმა.

მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე:

„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.

მიუხედავად კობახიძის განცხადებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია მოძალადე პოლიციელებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, რათა გამოძიების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, საპოლიციო ძალადობის ფაქტები სისტემურ ხასიათს ატარებს და პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ხშირად ფიქციურია.

„იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სისტემური პრობლემა სწორედ საპოლიციო ძალადობაზე პროკურატურის მხრიდან ფიქციური გამოძიებები იყო, არსებობდა მკაფიო მოწოდება, შექმნილიყო ცალკე, სპეციალიზებული საგამოძიებო სამსახური... მისი გაუქმებით დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მსგავს საქმეებს ვაწარმოებთ, ამ ინსტიტუციურ გაუარესებაზეც ვდავობთ“, - წერს თამარ ონიანი.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.