მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა რამაზ ხანგოშვილი - პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 9-წლიან სასჯელს იხდიდა და საპატიმრო 2028 წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ხანგოშვილი მკვლელობის მცდელობისთვის წარსულშიც, 2011 წელს იყო გასამართლებული. მაშინ მას 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა ნასამართლობა „ქართული ოცნების“ ამნისტიით მოეხსნა. სახელმწიფოს მიერ გაწეული ამ შეღავათის მიუხედავად, მან კვლავ სცადა ადამიანის მოკვლა, თანაც ათამდე პოლიციელის თვალწინ - მსხვერპლს იმ დროს ესროლა, როცა მის გვერდით პოლიციის უფროსი იდგა და საფრთხე მასაც შეუქმნა.
დაპირისპირება ჰესების გამო და პოლიტიკური მფარველობა
საქმე ეხება 2019 წლის 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოსთან მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს. ამ დაპირისპირებისას 37 წლის ვისურ მუთოშვილი მოკლეს, ხოლო რუსლან მუთოშვილი სახეში დაჭრეს. დაზარალებულები პანკისის ხეობაში „ხადორი 3“-ისა და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. თავდამსხმელები - რამაზ ხანგოშვილი, არბი ქავთარაშვილი და მათთან ერთად მყოფი შეიარაღებული ჯგუფის სხვა წევრები კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბანაკში, ჰესების მომხრეებს შორის იყვნენ. ხელისუფლება ამ ჯგუფის წევრებს წინასაარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად აქტიურად იყენებდა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალებაც სწორედ ამით აიხსნება.
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს“ - პროკურატურის შეღავათი
სისტემამ ამ ადამიანების სასარგებლოდ მუშაობა ყაველაშვილის შეწყალებამდე ბევრად ადრე დაიწყო. დამნაშავეებს უპრეცედენტო შეღავათი ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ გაუწია. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური განაჩენში პირდაპირ წერს, რომ ბრალდების მხარემ რამაზ ხანგოშვილისა და არბი ქავთარაშვილის ქმედებებს სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა და არც ჯგუფის სხვა შეიარაღებულ წევრებზე იმსჯელა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ვისურ მუთოშვილის მკვლელობისას ქავთარაშვილი და ხანგოშვილი ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედებდნენ. მკვლელობა ჯერ რამაზ ხანგოშვილმა სცადა: მან პირველი ტყვია ააცილა, მეორედ გასროლის საშუალება კი პოლიციელებმა აღარ მისცეს და იარაღი ხელიდან დააგდებინეს. დანაშაული სწორედ ამ იარაღით არბი ქავთარაშვილმა დაასრულა. მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს:
„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს, რომ ბრალდების მხარემ მსუბუქი ბრალდების წარდგენის გზით, უსაფუძვლო შეღავათი გაუწია რამაზ ხანგოშვილსა და არბი ქავთარაშვილს. ძალზედ სამწუხაროა, რომ მკვლელობის ნაწილში, მათ არასწორი ბრალდების წარდგენის გზით ეპატიათ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა“.
სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ რამაზ ხანგოშვილმა იმ დღეს ორი პირის მოკვლა სცადა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულია. მეტიც, გასროლის მომენტში მსხვერპლის გვერდით პოლიციის უფროსი იდგა, საფრთხე მის სიცოცხლესაც შეექმნა. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ მათ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლოს კი კანონმდებლობა არ აძლევდა უფლებას, წარდგენილი ბრალდება თავად დაემძიმებინა. სასამართლო განაჩენი ადასტურებს, რომ დანაშაული ათზე მეტი პოლიციელის თვალწინ მოხდა, რაც თავდამსხმელების განსაკუთრებულ აგრესიაზე მიუთითებს.
მოსალოდნელი ახალი შეწყალება და კრიმინალური ჯგუფის კავშირები
„ქართული ოცნების“ მხრიდან კრიმინალების მფარველობის მასშტაბებს კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს ამავე შეიარაღებული ჯგუფის სხვა წევრების წარსული - ისინი დაკავებულები იყვნენ ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით.
„საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი, რამაზ ხანგოშვილის შემდეგ, არბი ქავთარაშვილის შეწყალებასაც აპირებს, რომელსაც ვისურ მუთოშვილის განზრახ მკვლელობისთვის 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
აღსანიშნავია, რომ ქავთარაშვილი ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმოქმედა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში მუთოშვილი შეიარაღებული საერთოდ არ ყოფილა. მეტიც, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ხანგოშვილს იარაღი ხელიდან დააგდებინა, ქავთარაშვილმა სწორედ ეს იარაღი აიღო და დაუცველ მსხვერპლს რამდენჯერმე ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ორივე თავდამსხმელი მიიმალა.
ყაველაშვილის შეწყალებული 1023 პატიმარი 14 თვეში
„საქართველოს ამბების“ მიერ ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 14 თვეში 1023 პატიმარი შეიწყალა. შედარებისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 6 წელიწადში მხოლოდ 402 პირი გაათავისუფლა.
ყაველაშვილის ადმინისტრაციამ დამალა და არ გასცა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მკვლელი ან მოძალადეა შეწყალებულთა შორის.
შეწყალების პარალელურად, კიდევ ერთი სახელმწიფო მექანიზმი - პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა (ე.წ. უდოს კომისია) მუშაობს. ამ გადაწყვეტილებებს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები იღებენ. „საქართველოს ამბებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურსაც მიმართა.
მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 2025-2026 წლებში ადგილობრივმა საბჭოებმა პირობით ვადამდე 215 პატიმარი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახში ძალადობის, ყაჩაღობის, ფულის გათეთრებისა და 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევისთვის.
ვიდრე მიხეილ ყაველაშვილი და პენიტენციური სამსახური მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს ათავისუფლებენ, პოლიტიკურ ტყვეობაში რჩებიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები. მათ შორისაა მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწნვის გამო 2 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანონო პატიმრობის პერიოდში საგრძნობლად დამძიმდა.
