რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ - კობახიძე რუბიოს განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კონგრესში იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ტრაექტორიის და ქცევის ცვლილებას დაინახავს. კობახიძის თქმით, „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს“, ქვეყანა მზადაა, სტრატეგიული პარტნიორობა სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით განაახლოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით.

თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გზამკვლევი, რომელზეც ვაშინგტონთან საუბარი მიმდინარეობს, ორმხრივად შეჯერებული უნდა იყოს. „თქვენ რაც გინდათ კონკრეტულად, იმას ვერ ნახავთ. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, რაც შტატებს უნდოდა. „რაც მამას უნდა“, ამას მოგვიანებით გაიგებთ. ჩვენი ცალმხრივი გზამკვლევი არის ის, რომ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ღირსებას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა კატეგორიულად უარყო კონგრესმენ ჯო უილსონის ბრალდება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. უილსონის განცხადებას მან „სამარცხვინო“ უწოდა.

„რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას უნდა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება...

რას დაეთანხმა რუბიო, რომ პროირანული ხელისუფლებაა? ეგ არის ჯო უილსონის დონე – არ დათანხმებია. ჩემი მოწოდებაა, ნუ დახვალთ ეკა გიგაურისა და ჯო უილსონის დონემდე, რომლებიც ათას სისულელეს საუბრობენ.

ჩვენი ექსპორტი ირანში 0,5%-ია, იმპორტი კი 1,5%. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს?“, – განაცხადა მან.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა „პროირანული რეჟიმის“ მშენებლობასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მფარველობით მოქმედებაში. უილსონმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად მოიხსენია და ყურადღება გაამახვილა როგორც არჩევნების გაყალბებაზე, ისე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“ სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებაზე.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენის შეფასებები გაიზიარა და დაადასტურა, რომ ჩამოთვლილი პრობლემები ვაშინგტონისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა რუბიომ ხაზი გაუსვა ახალ დინამიკას: მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავად გამოთქვა აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი და ვაშინგტონისგან მიიღო კიდეც კონკრეტული პირობები. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ მოთხოვნებზე თბილისისგან გარკვეული „პოზიტიური გამოხმაურებები“ უკვე მიღებულია. რუბიოს იმედი აქვს, რომ მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, არამედ საქართველოს ხელისუფლების ქცევისა და პოლიტიკური ტრაექტორიის რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.