სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 22 გვერდი ეთმობა. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლა, რომელმაც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შეზღუდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელმაც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაცია მოახდინა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან პრობლემებს შორის იყო სანდო ცნობები ისეთი ფაქტების შესახებ, როგორებიცაა წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა, თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივი დევნა, ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების მსუსხავი ეფექტი.

„კონსტიტუციითა და კანონით უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის. თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე.

28 მაისს მიღებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის ობიექტები“. ასევე შეშფოთების საგანი იყო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა.

მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ. ასეთ შემთხვევებში დამნაშავეები პასუხისგებაში არ მიეცნენ.

აპრილიდან ივნისამდე თბილისში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია მათ თავს დაესხა, შეავიწროვა, მათ მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენა ან აღჭურვილობა დაუზიანა.

7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ ჩაცმულები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად დაესხა თავს მომიტინგეებს, შემდეგ კი „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არც რეაგირება მოახდინა და არც ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად. civil.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე „ტიტუშკების“ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის კოორდინაციის ნიშნები ჩანდა.

სოციალურ მედიაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიცია არ ჩარეულა, როდესაც სავარაუდო „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ მედიას და დემონსტრანტებს და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისინი „ტიტუშკებს“ ხელმძღვანელობდნენ ან მათთან თანამშრომლობდნენ.

ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების, მათი სახლებისა და ოფისების წინააღმდეგ ვანდალიზმის, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრის და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შესახებ. მთავრობა იძიებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომის საკითხს.

მედიაომბუდსმენმა აპრილსა და მაისში პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას 15 ჟურნალისტის უფლებების დარღვევისა და შეზღუდვის 15 შემთხვევა გამოავლინა.

რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედიაომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორისაა აღჭურვილობის დაზიანების, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევები. წლის ბოლოსთვის მთავრობას ეს ცნობები გამოძიები არ ჰქონია.

ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენლებმა ან უცნობმა პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივი თავდასხმები განახორციელეს ათობით მედიასაშუალებაზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებას. დაფიქსირდა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის ხერხემლის მოტეხილობა, სახის მოტეხილობები და ქიმიური დამწვრობა. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მედია საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ან უცნობმა პირებმა გაანადგურეს მათი აღჭურვილობა, რათა ხელი შეეშალათ მოვლენების გაშუქებაში.

ხელისუფლება, იძულებისა და დაშინების გზით, ცდილობდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების სიტყვის თავისუფლების ჩახშობას საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ „ამომრჩევლებზე დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობები შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ სასჯელის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.“

მთავრობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შევიწროებისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის სასჯელის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე 16 ნოემბერს ამნისტირდნენ. ამ თავდასხმების ორგანიზატორებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებასა და დაკავებას და ითვალისწინებს ნებისმიერი პირის უფლებას, სასამართლოში გაასაჩივროს დაპატიმრების ან დაკავების კანონიერება. ამასთან, ანგარიში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ამ აკრძალვების აღსრულება არათანაბარი იყო და არაერთი ცნობა გავრცელდა შერჩევითი ან თვითნებური დაპატიმრებების შესახებ, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრობა გახანგრძლივდა მკაფიო ბრალდებების გარეშე.

„პროევროპული დემონსტრაციების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 450-მდე მომიტინგე დააკავეს. ზოგიერთი მათგანი დააკავეს ან ქუჩაში, პროტესტის დასრულების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში, საკუთარ სახლებთან ახლოს. აპრილსა და მაისში, 210-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა შემოღების წინააღმდეგ გამართული მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის დროს.

ზოგიერთი პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კონკრეტული ბრალდებების გარეშე, სანამ ხელისუფლება მათ საქმეებში მტკიცებულებებს აგროვებდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადეს მაქსიმალური 48-საათიანი დაკავების ვადის გადაჭარბებული და გაუმართლებელი გამოყენების შესახებ სათანადო სასამართლო განხილვის გარეშე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია არაერთი დაკავების შესახებ, მათ შორის განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ხანგრძლივი ვადით იყვნენ დაკავებული მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბევრი დაკავებული სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, წლის ბოლოსთვის წარმოდგენილი არ ჰქონდა გამოძიების რაიმე შედეგი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხანგრძლივი და გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. დეპარტამენტი ციტირებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, „სასამართლომ „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს და ნოემბერში გამართული აქციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის მიმართ აღკვეთის უმკაცრესი ზომა - წინასწარი პატიმრობა გამოიყენა. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ზოგადი რისკებით ამართლებდა, როგორიცაა მიმალვის შესაძლებლობა, მტკიცებულებების განადგურება ან სხვა დანაშაულის ჩადენა - რომელთაგან არცერთი, როგორც ჩანს, არ მტკიცდებოდა ბრალდებულების პირადი გარემოებებით“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მხარდამჭერ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ბრალდებული 48 პირიდან წლის ბოლოს 45 წინასწარი პატიმრობაში რჩებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე იტყობინებოდნენ პროევროპელი მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესების თვითნებური და გაუმართლებელი გაჭიანურების შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ციტირებს სახალხო დამცველს, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების დროს მის მიერ მონახულებული 260 დაკავებულიდან 188 დაკავებამდე ან დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და არაადამიანური მოპყრობაზე მიუთითებდა. 3 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ „მძიმე დაზიანებების“ უმეტესობა „მიღებული იყო სახის, თვალისა და თავის არეში“, რაც „პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ პოლიციამ ყოველთვის გამოიყენა პროპორციული ძალა“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ეროვნულმა პრევენციულმა მექანიზმმა სხეულის დათვალიერების სისტემური პრაქტიკა გამოავლინა. „სრული ჩხრეკის ალტერნატივად მხოლოდ ოთხ ციხეს ჰქონდა სხეულის სკანერები. ეროვნული პრევენციული მექანიზმის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ციხის ადმინისტრაცია პატიმრების სხეულის ნაწილების შესამოწმებლად „ბუქნების გაკეთების“ პრაქტიკას იყენებდა და სრულად შიშველ შემოწმებას ატარებდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.