სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს

თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, საქრ ღობაშს შეხვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არაბული მხარე ინფორმირებულია იმ კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოში მათ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება.

„არაბული მხარე კარგად ინფორმირებულია იმ მავნებლური ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ტარდება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი სახის ბრალდებები ინვესტორებისთვის პრობლემას ქმნის და გვთხოვეს, ამას ყურადღება მივაქციოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი განმარტება გაკეთდა.

ვუთხარით, რომ ზოგადად, მოსახლეობა ინვესტიციებს მიესალმება, თუმცა ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მარგინალური ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანია, რომლის მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური საბოტაჟი.

არაბი პარტნიორები დავარწმუნეთ, რომ ინვესტიციებს პრობლემები არ შეექმნება“, –აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ სამხარაძეს კონკრეტული ინვესტიცია არ დაუსახელებია, სავარაუდოდ, საუბარია „იგლ ჰილსის“ (Eagle Hills) მასშტაბურ პროექტზე. პროექტი ითვალისწინებს ორი ახალი ქალაქის მშენებლობას თბილისში (კრწანისის ტყე-პარკი) და გონიოში. „ქართული ოცნებასა“ და არაბულ კომპანიას შორის 2025 წლის ოქტომბერში გაფორმებულ „საინვესტიციო ხელშეკრულებას“ კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული და ხელმისაწვდომი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიქმნა ერთობლივი საწარმო - შპს „იგლ ჰილს საქართველო“, რომელშიც სახელმწიფო 850 ჰექტარი მიწით შევიდა და 33%-იანი წილის მფლობელი გახდა, ხოლო არაბული მხარე 67%-ს ფლობს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ინვესტიციის მოცულობა 6.6 მილიარდი აშშ დოლარია.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების გასაიდუმლოებით, „ქართული ოცნება“ სტრატეგიული მნიშვნელობის მიწების გადაცემის ბუნდოვან პირობებს მალავს. უცნობია, რა სანქციები დაეკისრება ინვესტორს ვადების დარღვევის შემთხვევაში ან როგორ არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები საარბიტრაჟო დავისას.

გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ კრწანისში დაგეგმილი მშენებლობა გაანადგურებს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას და ტყე-პარკს, რომელიც თბილისისა და რუსთავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

ამ თემაზე:

გრიფით საიდუმლო არაბული ქალაქები

რა (არ) ვიცით არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტების შესახებ

როგორ მოვიპაროთ $2 მილიარდი - ლევან ნადიბაიძე კრწანისისა და გონიოს პროექტებზე

„დიდი გაცვლა“ - რატომ დათმო საპატრიარქომ კრწანისის ტყე-პარკი

ეს კატასტროფა შეიძლება იყოს - ჩხობაძე კრწანისის ტყეპარკში ქალაქის მშენებლობაზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.