დღეიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის №52 დადგენილება, რომლითაც აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის ოფიციალურად დაიკეტა. შეზღუდვა უპრეცედენტოა - ის ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე (GND-UNL) და დაახლოებით 2000 კვ.კმ-ს მოიცავს. ამ თემაზე საგამოძიებო რეპორტაჟი რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საავიაციო რუკაზე გაჩნდა ახალი აკრძალული ზონა - „აბასთუმანი-2“ (UGR-58). მისი დიამეტრი 52 კილომეტრია და თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან ქვეყნის სიღრმეში 45 კმ-ზე იჭიმება. აკრძალული ზონა ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს. ზონაში შესვლა აეკრძალათ საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო ლაინერებს (Lufthansa, Turkish Airlines, Emirates და სხვები).
ფრენა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ბორტებისთვის და იმ ვერტმფრენებისთვის, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში ეშვებიან. აღსანიშნავია, რომ კურორტზე ვერტმფრენის ერთადერთ მოედანს ბიძინა ივანიშვილი ფლობს.
სახელმწიფო უწყებები და ობსერვატორიის დირექტორი, ალექსანდრე თევზაძე, გადაწყვეტილებას „ასტროკლიმატის“ დაცვით ამართლებენ. მათი თქმით, თვითმფრინავების მიერ დატოვებული კონდენსაციის ნაკვალევი ხელს უშლის ახალი ავსტრიული ტელესკოპით დაკვირვებას.
თუმცა, „რადიო თავისუფლების“ წყაროები საავიაციო ინდუსტრიიდან და დამოუკიდებელი ექსპერტები სხვა ვერსიაზე საუბრობენ: „აბასთუმნის ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის პირადი კომფორტის უზრუნველყოფაა. მას აქ 2020 წლიდან აქვს რეზიდენცია და სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული მისი „ექსპერიმენტისთვის“, - აცხადებენ ინფორმირებული წყაროები.
საავიაციო ექსპერტები აფრთხილებენ „ქართულ ოცნებას“, რომ ცის ჩაკეტვა ქვეყანას ფინანსურ ზარალს მოუტანს: ავიაკომპანიებს გზის დაგრძელება (დაახლოებით 10 კმ-ით) და მეტი საწვავის ხარჯვა მოუწევთ.
საჰაერო ნაკადების ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედისკენ გადატანა ქმნის საცობებს ცაში, რაც ზრდის დისპეტჩერების დატვირთვას და შეცდომის რისკს.
თუ საქართველო აღარ იქნება ოპტიმალური დერეფანი, ავიაკომპანიები ალტერნატიულ გზებს (მაგ. თურქეთს) აირჩევენ.
მიუხედავად ობსერვატორიის დირექტორის მტკიცებისა, რომ ეს „საერთაშორისო პრაქტიკაა“, კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს უდიდესი ობსერვატორიების თავზე (აშშ, ევროპა) ცა „უსასრულობამდე“ არ იკეტება. ასტრონომები თვითმფრინავების კვალს ციფრული ფილტრების მეშვეობით შლიან, რაც აბასთუმნის ახალ ტელესკოპსაც შეუძლია.
თუ ხომალდი აკრძალულ ზონაში უნებართვოდ შევა, მას დაუკავშირდება „საქაერონავიგაციის“ მეთვალყურე. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პროცესში ერთვება საჰაერო თავდაცვის ძალები. სამხედროებს აქვთ უფლება გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ობიექტის შესაჩერებლად.
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 2019 წლიდან 52%-ით არის გაზრდილი, რაც აბასთუმნის დერეფნის ჩაკეტვას კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის რეგიონული ლოგისტიკისთვის.
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლიდან დაინტერესდა. მას შემდეგ კურორტზე სახელმწიფო პრიორიტეტები და ინფრასტრუქტურული გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, 2018-2022 წლებში აბასთუმანში მიწის შემსყიდველი 18 სუბიექტიდან 9 პირდაპირ ივანიშვილთანაა დაკავშირებული. მათ ჯამში 52 000 კვ.მ-ზე მეტი მიწა შეიძინეს.
იმავე პერიოდში სახელმწიფომ კურორტის პროექტებში 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ივანიშვილის დაპირების შესასრულებლად, რომ აბასთუმანი „მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი“ გამხდარიყო, შეიცვალა ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი. მხოლოდ კაკასხიდი-ზეკარის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 65 მილიონი ლარი დაუჯდა. შემოვლითი გზის პროექტმა ხელუხლებელი წიწვოვანი ტყის გაჩეხვა გამოიწვია.

„მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ივანიშვილის ექსპერიმენტის „დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის“ სახელმწიფო უწყებებმა არაერთი კანონდარღვევა ჩაიდინეს, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით. ივანიშვილმა მდინარე ოცხეს ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე შეიძინა მიწები, ტერიტორიის ნაწილს ხელოვნური კლდე შემოარტყა და მოაწყო საცხოვრებელი სივრცე, სადაც ასევე განთავსებულია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
