უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, რომელიც წვევამდელთა გაწვევის წესებს ამკაცრებს. თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, უწყების ჩაუბარებლობა პირს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონპროექტის მიხედვით, უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს. დადგინდა შეტყობინების მიწოდების ახალი წესი: უწყების ხელზე გადაცემა (ხელმოწერით); შეტყობინება შეიძლება მოვიდეს SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით; თუ პირი 2 დღის ვადაში არ უპასუხებს SMS-ს ან მეილს, უწყება გამოქვეყნდება უწყების ოფიციალურ საიტზე. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, ნახა ის წვევამდელმა თუ არა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ეხება: საზღვარგარეთ დროებით მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე (მათ შორის საიტზე გამოქვეყნების შემთხვევაშიც) დაბრუნდეს საქართველოში და გამოცხადდეს კომისიაში.

საიტზე უწყების ოფიციალურად ჩაბარებულად მიჩნევიდან პირს 10 კალენდარული დღე ეძლევა შესაბამის ორგანოში გამოსაცხადებლად.

სიახლეებია საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურთან დაკავშირებითაც: თუ პირი სამხედრო კონტრაქტს ვადაზე ადრე შეწყვეტს, ის ავტომატურად გადავა 8-თვიან სავალდებულო სამსახურში (თუ არ აქვს გადავადების კანონიერი საფუძველი).

კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა პირს 8 თვით გადაუვადდება, ხოლო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, საერთოდ გაუუქმდება.

„ქართული ოცნება“ ასევე განსაზღვრავს წვევამდელის ოჯახის წევრთა წრეს, რომელთაც უწყების ჩაბარების უფლება ექნებათ, რაც კიდევ უფრო ამცირებს უწყების არიდების შესაძლებლობას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.