უსაფრთხოების სამსახურმა შპს „ენგურჰესში“ შემავალი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი დააკავა. პარალელურად, კომპანიის მენეჯმენტი მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისება და გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი). გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყო. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
შპს „ენგურჰესი“ 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონტროლის ქვეშ იმყოფება. ენგურჰესის კომპლექსის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1987 წელს დასრულდა. კომპლექსი ორ ნაწილად არის გაყოფილი: თაღოვანი კაშხალი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯვართან (ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია), ხოლო ძალოვანი კვანძი (სადგური) და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში.
თბილისსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 40/60 პროპორციით უნდა ნაწილდებოდეს (40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი დანარჩენ საქართველოს). თუმცა, ბოლო წლებში ეს ბალანსი მკვეთრად დაირღვა:
აფხაზეთის მიერ მოხმარებული წილი ხშირად 70-80%-ს აჭარბებს. ექსპერტები ამას რეგიონში კრიპტოვალუტების მაინინგის ბუმითა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული დანაკარგებით ხსნიან.
2025 წლის შემაჯამებელი მონაცემებით, აფხაზეთის რეგიონის მიერ მოხმარებულმა ენერგიამ 2.48 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. იმ ფონზე, როდესაც ენგურჰესის სრულმა გამომუშავებამ იმავე პერიოდში 3.43 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწია, იკვეთება, რომ ოკუპირებულმა ტერიტორიამ რესურსის 72.5% აითვისა. ადგილობრივი გენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და დეფიციტი 724.1 მლნ კვტ.სთ მოცულობის იმპორტით შეივსო.
კიდევ უფრო კრიტიკული მდგომარეობა დაფიქსირდა 2026 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი). ამ სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ჯამურმა მოხმარებამ 848.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში ენგურჰესის გამომუშავება სეზონურად დაბალი იყო და მხოლოდ 317.8 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც რეგიონის მოთხოვნის ნახევარსაც კი ვერ ფარავდა. შედეგად, ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა რუსეთიდან 422.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტირება.
„ენგურჰესში“ 1100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ენგურჰესი ერთადერთი სტაბილური სამუშაო ადგილია, სადაც ისინი ხელფასს ქართული სახელმწიფო კომპანიისგან იღებენ. დასაქმებულთა დიდ ნაწილს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ყოველდღიურად უწევს საოკუპაციო ხაზის (ენგურის ხიდის) კვეთა.
ადგილობრივებისთვის აქ მუშაობა ერთადერთი გზაა, რომ საოკუპაციო ხაზი შეფერხების გარეშე გადაკვეთონ. მაშინ, როდესაც სხვა მცხოვრებლებისთვის ხიდზე მიმოსვლა მკაცრად შეზღუდულია, ჰესის თანამშრომლები ამ პრივილეგიით ახერხებენ დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებას, მედიკამენტების გადატანასა და ელემენტარულ სერვისებზე წვდომას.

მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „ენგურჰესში“ რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც, არსებული ინფორმაციით, 400-500 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. „საქართველოს ამბებმა“ მარტის დასაწყისში კომპანიისგან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საშტატო ნუსხის, დასაქმებულთა რაოდენობისა და რეორგანიზაციის მიზეზების შესახებ, თუმცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ, ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. კომპანიის პასუხში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს „ენერგეტიკული სექტორის ოპტიმიზაცია“, თუმცა არ კონკრეტდება, რამდენი ადამიანი თავისუფლდება სამსახურიდან, იცვლება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის სტატუსი და რა იურიდიული საფუძვლით ეუბნება სახელმწიფო კომპანია უარს მედიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მაშინ როდესაც კანონი ამას პირდაპირ ავალდებულებს.
კომპანიის მხრიდან ინფორმაციის დაბლოკვა, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის გამოვლენის პარალელურად, მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.
„საქართველოს ამბებთან“ საუბარში გალში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი გაუმჭვირვალე რეორგანიზაცია ან სამსახურიდან დათხოვნა მათთვის არა მხოლოდ შემოსავლის დაკარგვას, არამედ გარე სამყაროსთან ერთადერთი ლეგალური კავშირის გაწყვეტას ნიშნავს.
