„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გადაწყვეტილებით, საქართველოს წევრობა ოფიციალურად შეუწყდა. ქვეყანა გამოეთიშა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმას, რომელიც დემოკრატიული მმართველობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მთავარ საზომად მიიჩნევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
საქართველოს წევრობა ჯერ კიდევ 2023 წელს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე განხორციელებული რეპრესიების გამო შეუჩერდა. ორგანიზაციამ მთავრობას 2025 წლის ბოლომდე ვადა მისცა ორი მთავარი პირობის შესასრულებლად: იმ კანონების გაუქმება, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოქალაქეების უფლებებს; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა ფიზიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისგან.
რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააგრძელა დემოკრატიული უკუსვლა და მიიღო დამატებითი რეპრესიული კანონმდებლობა. შედეგად, სამოქალაქო სექტორმა უარი თქვა მთავრობასთან თანამშრომლობაზე, OGP-მ კი დაასკვნა, რომ ქვეყანაში ღია მმართველობისთვის საჭირო მინიმალური გარემოც აღარ არსებობს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო აღიარებაა იმისა, რომ საქართველო დაშორდა დემოკრატიულ სტანდარტებს.
„OGP-დან გამორიცხვა პირდაპირ უკავშირდება თითოეული მოქალაქის უფლებებს – თავისუფალ აზრს, დამოუკიდებელ მედიას და შესაძლებლობას, გააკონტროლოს ხელისუფლება,“ – ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) 2011 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა. მისი მიზანია, მთავრობები გახდნენ უფრო ღია, ანგარიშვალდებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული. საქართველო OGP-ის ერთ-ერთი პირველი წევრი გახდა დაარსებისთანავე. წლების განმავლობაში საქართველო ამ პლატფორმის „ჩემპიონ“ ქვეყნად მიიჩნეოდა. ქვეყანამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ინოვაციური რეფორმებისთვის. 2017-2018 წლებში საქართველომ მიაღწია უმაღლეს ნდობას, როდესაც ის OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს და თბილისში უმასპინძლა გლობალურ სამიტს, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა.
OGP-ის წევრობა ეს არის „დემოკრატიის ხარისხის ნიშანი“. როდესაც ქვეყანა ამ პლატფორმის წევრია, საერთაშორისო ინვესტორები, დონორები და პარტნიორი სახელმწიფოები მას ენდობიან, როგორც გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალ გარემოს.
