ღია კარის პოლიტიკა ფარსი იყო, მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა – კობახიძე NATO-ზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ღია კარის პოლიტიკას უწოდა „ფარსი“, რასაც, მისივე თქმით, მძიმე შედეგები მოჰყვა საქართველოსა და უკრაინისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა. ეს იყო ფარსი. სინამდვილეში, არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა ორჯერ – 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ პრემიერის თქმით, დღეს შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის გადახედვას ცდილობს.

„ჩვენ უნდა დავუკვირდეთ დიდი მოთამაშეების პოლიტიკას, მათ გადაწყვეტილებებს და ამის მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ საკუთარი მიდგომები. ეს მიდგომები უნდა ჩამოყალიბდეს, რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.

2025 წლის 5 დეკემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ევროპის კუთხით, სტრატეგია აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტებს შორის ასახელებს ნატოს მუდმივად გაფართოებად ალიანსად ყოფნის აღქმის დასრულებას, ასევე, რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენას, ევროპისთვის თავდაცვის მიზნით სამხედრო შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობის მიცემას, ევროპაში მოწინააღმდეგე ძალის მიერ დომინირების თავიდან აცილებას.

ტრამპის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნატოს წევრების უმეტესობა არაევროპელი იქნება – „კვლავ ღიად რჩება კითხვა, შეხედავენ თუ არა ისინი საკუთარ ადგილს მსოფლიოში ან ალიანსს შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც ისინი, ვინც ნატოს ქარტიას მოაწერა ხელი“.

მოსკოვი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში პირდაპირი საფრთხეების სიიდან რუსეთის ამოღებას დადებით ნაბიჯად აფასებს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ მისი დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან გამომდინარეობს. ამ მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ნატოში გაწევრიანების მიზნით, შეუძლიათ მიიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და თავისი წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში. ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩრდილოატლანტიკური საბჭო იღებს ყველა მოკავშირეს შორის კონსენსუსის საფუძველზე.

ნატო 12 ქვეყნის მიერ 1949 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ალიანსს, გაფართოების 10 რაუნდის მეშვეობით, კიდევ 20 ქვეყანა შეუერთდა. ბოლო გაფართოება 2024 წელს იყო, როდესაც შვედეთ ნატოს 32-ე წევრი გახდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.