სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსიდან ელჩი რაზმიკ ხუმარიანი კონსულტაიცებისთვის ერევანში გაიწვია. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არც ის და არც სომხეთის რომელიმე ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ ჩავლენ მანამ, ვიდრე ქვეყნის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკოა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ ომის მომზადებაში მონაწილეობდა, აზერბაიჯანს ამხნევებდა, სჯეროდა მისი და გამარჯვებას უსურვებდა. ამის შემდეგ მე წავალ ბელორუსის ხელმძღვანელთან ერთად ОДКБ-ს ფორმატში რამის განსახილველად?

ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში აღარ წავალ, ვიდრე პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოა. და საერთოდ, ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში არ წავა სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მაისის შუა რიცხვებში, ბაქოში ვიზიტის დროს, ლუკაშენკომ მთიან ყარაბაღში ომს „განმათავისუფლებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ომის დაწყებამდე მის შედეგებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან განიხილავდა. „ჩვენ ორნი სადილზე ფილოსოფიურად ვმსჯელობდით. შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია ომის მოგება. ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება“, - თქვა 16 მაისს ბელარუსის ლიდერმა.

13 მაისს გამოცემა Politico-მ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2018-2022 წლებში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების პერიოდში, ბელარუსი აზერბაიჯანს შეიარაღებას აწვდიდა და მას სამხედრო დახმარებას უწევდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ დიპლომატიურ კომუნიკაციაში, რომელსაც Politico გაეცნო, ნათქვამია, რომ ბელარუსის საწარმოები ასრულებენ აქტიურ როლს „აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში, ასევე ბელარუსული საქონლისა და სერვისების ექსპორტში“. ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, კრემლის მხარდაჭერის გარეშე მოქმედებდა.

სომხეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი, ანატოლი გლაზი გაიწვია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავა 1980-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. 2020 წლის შემოდგომაზე, რეგიონში ვითარება დაიძაბა და საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ექვსკვირიანი ომი, რომელმაც ორივე მხარის 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. შედეგად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი მოიპოვა. 2022 წლის 13-14 სექტემბერს, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრისას, ორივე მხარეს ჯამში 300-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. წლის ბოლოდან აზერბაიჯანმა ყარაბაღის ბლოკადა დაიწყო, 2023 წლის 19 სექტემბერს კი „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ჩაატარა, რაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ კაპიტულაციით დასრულდა. 2024 წლის 1 იანვრიდან დე ფაქტო რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილად გამოაცხადა. სომხეთის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა სომეხმა იძულებით დატოვა. ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) ომის დროს უმოქმედობაში დაადანაშაულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).