სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს (გოლოთი) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დახურულ პროცესზე გოლოევი ადვოკატის გარეშე წარდგა. სხდომას ესწრებოდა საქმის კიდევ ორი ფიგურანტის ადვოკატი, ზვიად ტაბატაძე. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და, შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ეს არის ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი პრეცედენტი, როდესაც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, ორი კი დანაშაულში ამხილა.

გამოძიების ვერსიით, ისინი, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის მონაცემებს სამართალდამცავი ორგანოებისა და სტრატეგიული ობიექტების შესახებ.

უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც ბრალდებულები „ჯაშუშობდნენ“, თუმცა სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საუბარია რუსეთზე.

27 წლის თამაზ გოლოევი ოკუპირებული ახალგორიდანაა. სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ფსევდონიმი ჰქონდა მინიჭებული და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი, გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას ავალებდა. სუს-ის თანახმად, მას ევალებოდა ინფორმაციის მოპოვება შემდეგ საკითხებზე:

სამართალდამცავი სტრუქტურების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ; ასევე, მათი ობიექტების ფოტო-ვიდეოგადაღება;

სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და სხვა დანიშნულების ნაგებობების განთავსების შესახებ; ასევე, აღნიშნული ადგილების ფოტო-ვიდეოგადაღება.

„საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები“, - აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.

სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ჯაშუშობა). დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამაზ გოლოევი მამით ოსი და დედით ქართველია. დედის თქმით, იგი ახალგორიდან თბილისში 22 აპრილს, დილით ჩამოვიდა. დაკავების შესახებ ოჯახმა ტელევიზიით შეიტყო.

„სწავლობდა და როცა გზა გაიხსნებოდა, გადმოდიოდა. ხომ გვიღებენ ხოლმე გზას 10 დღით - ხან გამოცდებს აბარებდა, ხან სახლისთვის რაღაცები მოჰქონდა. ბოლო კურსზეა, ამთავრებს“, - განაცხადა დაკავებულის დედამ. მოგვიანებით ის თბილისში თავადაც ჩამოვიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

თამაზ გოლოევი ცხინვალში სწავლობდა და თბილისში ხშირად ჩადიოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.