აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მონაწილეობით დასრულდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის კონფლიქტის დასასრული, ომის დასასრული. ფორმალურად, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ მოეწერა: სომხეთის კონსტიტუცია კვლავ შეიცავს დებულებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
რამდენადაც გვესმის, ისინი შეიტანენ ცვლილებას და როგორც კი ეს კონსტიტუციური ცვლილება შევა, როგორც კი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აღმოიფხვრება, ხელი მოეწერება ოფიციალურ სამშვიდობო შეთანხმებას.
თუმცა, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით მოახდინეს ამ დოკუმენტის პარაფირება, უკვე ნიშნავს ომის დასასრულს, რომელიც შესვენებებით ოცდაათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ეს სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის სამხრეთ კავკასიისთვის და ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონისთვის.
[...] ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალ ურთიერთქმედებას საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე დაგეგმავს. ამიტომ, თუ სომხეთი შეწყვეტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ მათი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით. და ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ შემთხვევაში? ვფიქრობ, ეს რიტორიკული კითხვაა.
ვფიქრობ, რომ სომხეთის ნებისმიერი მომავალი მთავრობა საკმარისად გონიერი იქნება და გონივრულ მიდგომას გამოიყენებს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებები. ეს არის შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. ეს არ არის შეთანხმება ჩემსა და ფაშინიანს შორის“, - განაცხადა ალიევმა ტელეკომპანია „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა მას თავისი სახელი [TRIPP, ანუ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] მიანიჭა, პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზა აშენდეს და არსებობდეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახიჩევანიდან ქვეყნის მთავარ ნაწილში ან პირიქით მიმავალმა აზერბაიჯანელებმა არ უნდა იგრძნონ დისკომფორტი ან შეშფოთება საკუთარი უსაფრთხოების გამო, ხანგრძლივი დაპირისპირებისა და მტრული განწყობის გათვალისწინებით.
საქმე მხოლოდ აზერბაიჯანის ნაწილების დაკავშირებას არ ეხება. საუბარია ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობაზე.
დღეს, შუა დერეფანი, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი განშტოება, აზიაში იწყება და კასპიის ზღვით, აზერბაიჯანის გავლით საქართველოში და შემდგომ თურქეთსა და ევროპაში, ასევე საქართველოს საზღვაო პორტებამდე მიემართება. ეს აზიის ევროპასთან აზერბაიჯანის გავლით დაკავშირების ერთადერთი გზაა. ამრიგად, ზანგეზურის დერეფანი, ანუ TRIPP, ალტერნატივად იქცევა.
მეორე დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. ეს კი სომხეთისთვის სასარგებლოა. ვეცადე, ეს იდეა ჩემს სომეხ კოლეგამდე მიმეტანა - რომ საბოლოო ჯამში, ისინი სატრანზიტო ქვეყნად იქცევიან. ყველა ქვეყანა, რომელსაც საჭირო პოტენციალი აქვს, ისწრაფვის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევისკენ. მაგალითად, ჩვენც გვინდა, რომ სატრანზიტო ქვეყნად ვიქცეთ. გვინდა, რომ დერეფნები აზერბაიჯანს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთდეს.
ზანგეზურის დერეფნის წყალობით, სომხეთი ტრანსპორტირებიდან სატრანზიტო საფასურს მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ტვირთების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, დარწმუნებული ვარ, რომ ზანგეზურის დერეფანი კონტინენტებს შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი გახდება“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ილჰამ ალიევის თქმით, ფიზიკური ინფრასტრუქტურის - რკინიგზის მშენებლობას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს, რადგან მარშრუტი მხოლოდ 42 კილომეტრია. „ჩვენ რომ ვაშენებდეთ, ამას ერთ წელიწადში გავაკეთებთ, რადგან რკინიგზის მშენებლობაში მეტი გამოცდილება გვაქვს. სომხეთს შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს“, - დასძინა ალიევმა.
