საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, 2024 წლის აპრილიდან 2026 წლის თებერვლამდე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 300-ზე მეტი კანონი დაჩქარებული წესით მიიღო. საია-ს შეფასებით, ეს მეთოდი მიზანმიმართულად გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დევნისთვის, რამაც ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მკვეთრად შემოაბრუნა და საბოლოოდ „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) გარიცხვამდე მიიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
კანონის დაჩქარებული წესით მიღება მის უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 1 კვირაში დამტკიცებას გულისხმობს. საიას შეფასებით, ამ ფორმით მიღებული აქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო კონკრეტული ჯგუფების, განსაკუთრებით კი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო პროცესის მკვეთრი ავტორიტარული შემოტრიალება 2024 წლის მაისში „რუსული კანონის“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) მიღებით დაიწყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. ამას იმავე წლის სექტემბერში მოჰყვა დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენაზე დაფუძნებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონების დამტკიცება.
საიას კვლევაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რეპრესიული კანონშემოქმედება უფრო აქტიური და მასშტაბური გახდა. დეკემბერში გაიზარდა სანქციები პროტესტის გამოხატვისთვის და შეიცვალა საჯარო სამსახურის კანონი, რამაც მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება და, შესაბამისად, პოლიტიზებული წმენდის ჩატარება მნიშვნელოვნად გაამარტივა. იმავე პერიოდში დაჩქარებულად მიიღეს ცვლილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული (სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება დაუკავშირდა კონსტიტუციის დარღვევის დადგენას).
სიას შეფასებით, 2025 წელს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო რეპრესიული გახდა: აპრილში მიიღეს ე.წ. FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი), რომელიც ბუნდოვანი კრიტერიუმებით „აგენტად“ სტიგმატიზაციის საშუალებას იძლევა და არღვევს უფლებებს, მაისში კი მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე ტალღად გამკაცრდა კანონმდებლობა - შსს-ს მიეცა შეკრების დაშლის, დროისა და ადგილის შეცვლის ფართო უფლებები, აიკრძალა უნივერსიტეტებში მესაკუთრის თანხმობის გარეშე პროტესტი და დასჯადი გახდა თანამდებობის პირის შეურაცხყოფა. გარდა ამისა, გამარტივდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურა, ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოებში მედიის მიერ ფოტო/ვიდეო გადაღება, შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მასტიგმატიზებელი ბაზა და ახალი საარჩევნო კოდექსით ემიგრანტებს წაერთვათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია აქტიურად გრძელდება 2026 წელსაც. საია აღნიშნავს, რომ მარტში მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (6 წლამდე პატიმრობა) დაწესდა.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაში“ (დასაქმებულ და შემოსავლის მიმღებ პირებს 8 წლის განმავლობაში აეკრძალათ პოლიტიკური პარტიის წევრობა, რითაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პასიური საარჩევნო უფლება გაუუქმდათ. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა „ექსტრემიზმის“ უკიდურესად ბუნდოვანი მუხლი (3 წლამდე პატიმრობით), რომელიც სჯის კონსტიტუციური ორგანოების მიმართ „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებას“.
საია ხაზს უსვამს, რომ მსგავსმა ძალადობრივმა კანონშემოქმედებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მხრიდან. ამ ავტორიტარული პროცესების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი 2026 წლის აპრილში დადგა, როდესაც მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ღონისძიებების გამო, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) საბოლოოდ გარიცხეს.
კვლევას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში მიღებული კანონები სრულად შეესაბამება დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვიდრებულ სტანდარტებსა და პროცედურებს.
„რაც შეეხება შინაარსს, თქვენ იცით, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეს რადიკალური ოპოზიცია კეტავდა რუსთაველის გამზირს. მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა იყო, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ქვეყანაში იკეტებოდა 150 კაცის მიერ. ამას სჭირდებოდა კანონების დაპირისპირება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან საიას შეფასებებს უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. უფრო მეტიც, კობახიძე პირდაპირ დაესხა თავს უფლებადამცველ ორგანიზაციას და თქვა, რომ ის „აგენტურის ერთ-ერთი გამოვლინებაა“.
