შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 სხვადასხვა ლოკაციიდან 148 ერთეული სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა, ე.წ. მაინერი ამოიღეს. შსს-ს მტკიცებით, პირები ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას, რითაც უკანონო შემოსავალს იღებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მართლსაწინააღმდეგო მოხმარება). აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
მესტიის მუნიციპალიტეტი წლებია, ენერგეტიკული თვალსაზრისით დაძაბულ ზონად ითვლება. კრიპტოვალუტის წარმოება, რომელიც ელექტროენერგიის განსაკუთრებით დიდ მოხმარებას მოითხოვს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად უჩივის ძაბვის ვარდნასა და გათიშვებს, რაც, „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეფასებით, პირდაპირ კავშირშია უკანონო „მაინინგ-ფერმების“ ქსელთან, რომლებიც სისტემაზე დამატებით, უკონტროლო დატვირთვას ქმნიან.
ოფიციალური უწყების განცხადების პარალელურად, ადგილობრივი აქტივისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პროცესს კრიტიკულად აფასებენ. მათი მტკიცებით, მსგავსი ტიპის მასშტაბური „მაინინგ-ფერმები“, როგორც წესი, რიგითი მოქალაქეების საკუთრებაში არ არის. აქტივისტები ეჭვქვეშ აყენებენ მაინერების მფლობელთა იდენტიფიცირების პროცესს და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი ბიზნესები ხშირად დაკავშირებულია თანამდებობის პირებთან ან ადგილობრივ გავლენიან ფიგურებთან. მათი თქმით, რეგიონში წლების განმავლობაში არსებული უკონტროლო მოხმარება მხოლოდ მაღალი მფარველობის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგალური კრიპტომაინინგი მესტიის ენერგოსისტემას კრიტიკულ მდგომარეობამდე აზიანებს. მისი თქმით,
2025 წელს მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, მაშინ როცა მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 10 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს.
„ეს ნიშნავს ელექტროსისტემის დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რაც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ყველა გადამხდელს. შედეგად, ქვეყნის თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით 1,5 ლარს იხდის“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. მისი თქმით, ზემო სვანეთში ელექტროენერგია კვლავ დარჩება უფასო აბონენტებისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ამ ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ.
