საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირს) ხმა 20-მა მღვდელმთავარმა მისცა; 7-7 ხმა მიიღეს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
დარჩენილი ოთხი ხმა სხვა დასახელებულ კანდიდატებზე - წალკელ ეპისკოპოს გრიგოლზე (კაცია), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსსა (ბოგვერაძე) და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისიდეკზე (ხაჩიძე) გადანაწილდა.
სინოდის 39 წევრიდან სხდომას 38 ესწრებოდა. საპატრიარქოში არ გამოცხადებულა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილს) და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას). ამ უკანასკნელს საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს, ხოლო მეუფე დანიელი 70 წლისაა, რაც, საპატრიარქოს განმარტებით, კანდიდატისთვის დადგენილ ასაკობრივ ზღვარს (40-დან 70 წლამდე) ეწინააღმდეგება.
„დღევანდელ სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი, რაც ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით. ასე რომ, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა. გაფართოებული კრების თარიღი ჯერ არ არის გარკვეული“, – უთხრა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს, პატრიარქობის სამ კანდიდატს უყრიან კენჭს. საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

მეუფე ისაია სინოდისამი წერილობით მიმართვაში, რომელიც 24 აპრილით არის დათარიღებული, ასაბუთებდა, რატომ არ უნდა გამხდარიყო აკადემიური დიპლომის არქონა მისი კანდიდატურის დაბლოკვის საფუძველი.
„დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.
საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალური კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:
როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც.
ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.
ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.
გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია“, - წერს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია მიმართვაში.
სხდომის ოქმის მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, სინოდს არ გააჩნია ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში „ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 48 წლის განმავლობაში, 1977 წლიდან მართავდა.
