საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში მხოლოდ ერთ წელიწადში 114-დან 135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ამ რეიტინგით საქართველო ჩამორჩება ზიმბაბვეს, სომალის, უგანდას, მალის, ნიგერიას, ჩადის და პაპუა-ახალ გვინეას. 135-ე ადგილი რეიტინგში ნიშნავს, რომ ქვეყნაში პრესის თავისუფლების მდგომარეობა რთულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
რეგიონულ ჭრილში საქართველო უკვე კატასტროფულად ჩამორჩება მეზობელ სომხეთს, რომელიც 43-ე ადგილზეა. მართალია, ქვეყანა ჯერჯერობით მაინც უსწრებს ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, როგორიცაა თურქეთი (158-ე), აზერბაიჯანი (171-ე) და რუსეთი (172-ე), თუმცა ყოველწლიური რეგრესი - 2023 წლის 77-ე ადგილიდან დღევანდელ 135-ე პოზიციამდე აჩვენებს, რომ საქართველო სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება „ძალიან მძიმე“ მდგომარეობის მქონე ქვეყნების ჯგუფს.
მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა. „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღებამ და გამკაცრებამ ჟურნალისტები მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ სამართლებრივმა ბარიერებმა მედიასაშუალებები აიძულა ცენზურის ქვეშ ემუშავათ, რამაც საგრძნობლად შეამცირა სივრცე თავისუფალი სიტყვისთვის. სწორედ სამართლებრივი ინდიკატორი გახდა ის სფერო, სადაც საქართველომ (ინდოეთთან და ეგვიპტესთან ერთად) ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა.
2020 წლის შემდეგ საქართველომ რეიტინგში 75 პოზიცია დაკარგა. საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების სისტემური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების ნებისმიერ მცდელობას. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის გარემო სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც გამოიხატება როგორც სიტყვიერ თავდასხმებში მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან, ისე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, რისი ყველაზე მძიმე მაგალითიც 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და ათობით დაშავებული ჟურნალისტი იყო.
2025 წელს RSF-მა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ (Predators of Press Freedom) სიაში შეიყვანა. ეს არის იმ ლიდერთა ნუსხა, რომლებიც მედიას პირდაპირ საფრთხეს უქმნიან და ძალაუფლებას ჟურნალისტების დევნისთვის იყენებენ.
ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი ისეთი ავტორიტარი მმართველების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან ვლადიმირ პუტინი, ალექსანდრე ლუკაშენკა და ილჰამ ალიევი. საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა, ალი ხამენეისთან, ნიკოლას მადუროსა და ვიქტორ ორბანთან ერთად, მკაფიო სიგნალია იმისა, რომ საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება არა შემთხვევითი პროცესი, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგის სათავეში კვლავ ნორვეგია დგას, რომელიც მედიაპლურალიზმისა და ჟურნალისტთა დაცულობის ეტალონად რჩება. ამის საპირისპიროდ, ინდექსის ბოლოში ის სახელმწიფოები მოხვდნენ, სადაც თავისუფალი სიტყვა პრაქტიკულად არ არსებობს - ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და საუდის არაბეთი რეიტინგის „შავ ხვრელებს“ წარმოადგენენ.
