აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდიში (სტეპანაკერტში) ორი ეკლესია დაანგრია, მათ შორის, მასიური საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დასრულდა და 2020 წლის საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბომბსაფარს წარმოადგენდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაცია „კავკასიის მემკვიდრეობის მონიტორინგი“ (Caucasus Heritage Watch) თანამგზავრული ფოტოების ანალიზით ადასტურებს, რომ ღვთისმშობლის მფარველობის საკათედრო ტაძრის სრული დემონტაჟი 3 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში განხორციელდა.

გარდა ამისა, სტეპანაკერტში აღარ არსებობს არც 2007 წელს აშენებული წმინდა ჰაკობის ეკლესია. კულტურული მემკვიდრეობის დამცველმა აკადემიურმა პლატფორმამ, „არწახის ძეგლთა მონიტორინგმა“ (Artsakh Monument Watch) აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ფოტომასალის მიხედვით, დანგრეულია არა მხოლოდ თავად ეკლესია, არამედ მიწასთან არის გასწორებული ტაძრის მთელი მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, ქვის ჯვრები (ხაჩქარები) და მემორიალური ძეგლები. ორგანიზაცია მომხდარს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აკვალიფიცირებს.

მომხდარს 21 აპრილს სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია, „არწახის ტურიზმისა და კულტურის განვითარების სააგენტო“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2000-2019 წლებში აშენებული ღვთისმშობლის მფარველობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრს წარმოადგენდა. სააგენტოს შეფასებით, ეს არ არის უბრალოდ ეკლესიის დანგრევა:

„ეს არის იმავე პოლიტიკის გაგრძელება, რამაც ერთი საუკუნის წინ სომეხთა გენოციდი გამოიწვია. დღეს ის ვლინდება ახალი ფორმებით, როგორც კულტურული გენოციდი, რომლის მიზანია არწახში სომხური ისტორიული მეხსიერების, კულტურისა და სულიერი ყოფნის საბოლოო აღმოფხვრა“.

ყარაბაღში სომხური ეკლესიების განადგურება ოფიციალურად დაგმო სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტაძრების ნგრევაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც გამოცემა Civil.net აღნიშნავს, საკათედრო ტაძრის სრული დემონტაჟის შემდეგ, აზერბაიჯანულ მედიასა და სოციალურ ქსელებში „სამარისებური სიჩუმე“ ჩამოვარდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მანამდე აზერბაიჯანელი სახელისუფლებო ბლოგერები ტაძარს ხელუხლებელ მდგომარეობაში რეგულარულად აჩვენებდნენ და ამ კადრებს ქრისტიანული კვალის წაშლასთან დაკავშირებით სომხური მხარის შიშების გასაქილიკებლად იყენებდნენ. რაც შეეხება წმინდა ჰაკობის ეკლესიას, აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები მის დანგრევას პირდაპირ გამოეხმაურნენ და მომხდარის გასამართლებლად ნაგებობას „უკანონო და დემონტაჟს დაქვემდებარებული“ უწოდეს.

საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე, საკმაოდ ფრთხილია ოფიციალური ერევნის პოზიცია. 23 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობა სრული ინფორმაციის მიღებას ცდილობს და მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ამ საკითხს საერთაშორისო მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დონეზე დავაყენებთ. ეს არის სიტუაცია, რომელიც სრულად და ყოველმხრივ უნდა გავიაზროთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უფრო მეტად მტრობის გამოვლინებაა, ვიდრე მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი, სომხეთის პრემიერმა უპასუხა, რომ მისი მშვიდობის კრიტერიუმი ადამიანების სიცოცხლეა:

„უკვე ორი წელია, სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი სროლების შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საზღვრების ხელშეუხებლობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ნებისმიერ საკითხს სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ“, - დასძინა ნიკოლ ფაშინიანმა.

ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკაზე სხვა ქრისტიანული ძეგლებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართაც.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია კახის რაიონში

პრობლემები წლების განმავლობაში არ წყდება ისტორიულ ჰერეთში (კახის რაიონი), სადაც ადგილობრივი ქართველები მუდმივ შევიწროებას განიცდიან:

ქურმუხის წმინდა გიორგის ისტორიული ტაძარი დღემდე დაკეტილია. ადგილობრივ ქრისტიანებს იქ წირვა-ლოცვისა და შესვლის უფლებას წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გიორგობის დღესასწაულზე აძლევენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება კახის რაიონში ქართული წიგნების შეტანასაც ზღუდავს. ადგილობრივი ქართველები აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევისას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.