ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე

„სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვანეთსა და ლეჩხუმში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა მშენებლობაც მნიშვნელოვანი დარღვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტის შედეგად შეჩერდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ. ამ შემთხვევაშიც სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული.

არის რამდენიმე მსხვილი, ასევე, არამსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება.

ასევე, მცირე და საშუალო ჰესების თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა – გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ. ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული.

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“ – თქვა კობახიძემ.

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაზე უარი 2022 წელს თქვა. ამას წინ უძღოდა, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებული 20 თვიანი უწყვეტი პროტესტი. ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავდა - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. პროექტის მიხედვით, „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი უნდა ყოფილიყო. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორებოდა. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას გეგმავდნენ სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი უნდა დაეტბორათ. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილი იყო 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.

650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში უნდოდათ. პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. ხუდონჰესი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.

280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე იგეგმება. 2020 წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რის გამოც პროექტი გაჩერებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.