მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი

"ინტერპრესნიუსის" ფოტო

წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მომავალ პატრიარქად არჩევას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მეუფე ზენონის თქმით, 90-იან წლებში შიო მუჯირი შიომღვიმის მონასტრის ბერი იყო, სადაც ე.წ. „ზილოტების“ ჯგუფი მოღვაწეობდა. ეს ჯგუფი მაშინ პატრიარქ ილია მეორეს ღიად უპირისპირდებოდა. ზენონი მიიჩნევს, რომ მეუფე შიოს მსოფლმხედველობა სწორედ ამ წრეში ჩამოყალიბდა.

„მეუფე შიო და მე ერთდროულად შემოვედით ეპისკოპოსთა დასში, 2003 წელს, მაგრამ ჩვენს შორის განსხვავება ის იყო, რომ მე ადრეული პერიოდიდან, 17 წლიდან უშუალოდ პატრიარქთან ვიყავი და მეუფე შიოს პატრიარქი არ იცნობდა. მეუფე შიო იყო შიომღვიმის მონასტერში, „ზილოტები“ რომ იყვნენ – გეცოდინებათ, 90-იან წლებში, როდესაც პატრიარქთან სერიოზული ამბოხი იყო. მაშინ პატრიარქი ამბობდა, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთიდან, არ მორიდებია ამას, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ წაქეზება რაღაც ჯგუფების. აი, ამ წრეში იყო მეუფე შიო, რომელიც არ გამოირჩეოდა აქტივობით, ბერი იყო მაგ პერიოდში, მომართული იყო მონაზვნობისკენ. ნეგატიურ კონტექსტში კი არ მინდა დაგანახოთ ეს პიროვნება - არა, ის ცხოვრობდა მონასტერში და ინტერესი არ ჰქონდა ძალაუფლების, სასულიერო განათლებაც გვიან მიიღო და ა.შ.

ის იყო „ზილოტების“ წრეში, მსოფლმხედველობა იქ სხვანაირი ჩამოყალიბდა, სხვა მსოფლმხედველობა იყო და მე ვიტყოდი – ძალიან საშიში. ეს არის რუსული მსოფლმხედველობა სარწმუნოებრივ ხედვაში, საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ასე შემდეგ.

2000 წელს, ვიდრე შევარდნაძე კონსტიტუციურ შეთანხმებას მოაწერდა ხელს, მითხრა: პატრიარქის ხელშეუვალობა რომ ჩავწეროთ, ხომ კარგად გახსოვს საპატრიარქოს ამბებიო? მე რომ ახლა ამას ხელი მოვაწერო, ილია მეორე ასეთი არის, ვიციო, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, იმას ხელშეუვალობა რატომ უნდა მივანიჭოთო? დარწმუნებული ხართ, რომ ის კეთილსინდისიერად გამოიყენებსო ამას? მაშინ ედუარდ შევარდნაძის განაცხადი ძალიან არ მომეწონა და მეწყინა. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ეს კაცი მართალი იყო. მას შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვფიქრობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისი თქმით, 2002 წელს პატრიარქმა ილია მეორემ წააკითხა შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ვრცელი წერილი, რომელიც, ზენონის ინფორმაციით, რეალურად პეტრე მამრაძისა და ბასილ კობახიძის მომზადებული იყო და სადაც პატრიარქს გადაწყვეტილებებს კარნახობდნენ, მათ შორის, შიოს ქორეპისკოპოსად დანიშვნას.

„ეუბნება პრეზიდენტი [ედუარდ შევარდნაძე], რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკობოსად – ეს როგორ შეიძლება – და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობდა ედუარდ შევარდნაძე. მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ის წერილი ძალიან ფართომასშტაბიანი იყო, ეკლესიაში უნდოდათ განხეთქილება. შემდეგ უკვე მეუფე შიო ქორეპისკოპოსია, საპატრიარქოში დაევალა რაღაც სფეროში კურატორობა, მაგრამ მაინც არ იჩენდა აქტიურობას. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან“, - მეუფე ზენონი საუბრობს იმაზე, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ შემდეგ მთავრობა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე იბარებდა და მოთხოვნა პირდაპირ იყო მიმართული იქითკენ, რომ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო ყოფილიყო.

მეუფე ზენონი რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას აფასებს როგორც პირდაპირ მინიშნებას საქართველოს ეკლესიისთვის - ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უჭერს მხარს, ის პატრიარქი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, მოსაყდრე შიო და მისი მხარდამჭერი გუნდის წევრები უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერენ და ამ საკითხში თანამოაზრეები არიან. ზენონი პირდაპირ მოუწოდებს მეუფე შიოს, დაარღვიოს დუმილი და მიმართოს მოსკოვის პატრიარქს: რას ნიშნავდა ეს განცხადება, ან რატომ არ იხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად?

„დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება მიმართოს. იქნებ მიმართოს. შევიცვლი პოზიციებს. აკვიატება კი არა მაქვს“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.

28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოარჩიეს, ხმები ასე გადანაწილდა: მეუფე შიო – 20 ხმა; მეუფე იობი – 7 ხმა; მეუფე გრიგოლი – 7 ხმა.

საქართველოს 42-ე პატრიარქი სწორედ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდება. მეუფე ზენონის შეფასებით, შიოს მიერ მიღებული 20 ხმა ილია მეორის ავტორიტეტის გავლენის შედეგია. ამასთან, ის საუბრობს ფარულ ლობირებაზეც:

„ასახელებენ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და მეუფე შიოსთვის ხმას სთხოვდა. მე არ ვიტყვი მის ვინაობას, დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა“.

მეუფე ზენონის თქმით, წლების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაანახა, რომ მეუფე შიო უსამართლოა. თავად საპატრიარქო ტახტზე სამ კანდიდატს მოიაზრებს, რომელთაგან ერთ-ერთის, მეუფე ისაიას კანდიდატად დასახელებაზე სინოდმა უარი უთხრა.

„მე მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე თავისი თვისებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მეუფე ზენონმა და აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე ისაიას სახელის ხსენებამ ძალიან დააფრთხო ის სასულიერო პირები, რომლებიც მხარს მოსაყდრე შიოს უჭერენ.

„მე მყავდა სამი კანდიდატი ცნობიერებაში. ერთი ჩააგდეს – ისაია. პატრიარქმა მე მიმანიშნა ორ მღვდელმთავარზე – მეუფე დანიელზე და მეუფე იობზე, როდესაც მქონდა ლაპარაკი მოსაყდრესთან დაკავშირებით. ახლა ვინც დარჩნენ, ორნი არიან. რომელიც მეტ ხმას მოაგროვებს, იმისი იქნება ჩემი ხმა“.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა შესაძლოა წმინდა სინოდის ხელახლა მოწვევა მოითხოვოს. ის აცხადებს, რომ სანამ სინოდის წევრებს შორის ყველაფერი ნათელი არ გახდება, რაიმე სახის არჩევნებსა და ინტრონიზაციაზე საუბარი დაუშვებელია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.