საქართველოს ახლად არჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქადაგებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიულ კრიზისზე. შობადობის შემცირების მთავარ მიზეზად მან არა მიგრაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე ან მძიმე სოციალური პირობები, არამედ აბორტი დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
პატრიარქის თქმით, „ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს“ ოჯახი, სადაც აბორტის მძიმე ცოდვა ტრიალებს.
„განწირულია ასეთი ოჯახი, იმიტომ, რომ, როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“. და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება, იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს და მადლს ჰფენს. და როგორც ჩვენ ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე სირთულეები მეტია და მერე და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები და უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის აღზრდა და გაძღოლა“, - განაცხადა შიო მესამემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში ქართველების ნაცვლად „სხვა ხალხები“ დამკვიდრდნენ.
„თუ ქართველები არ გამოასწორებენ დემოგრაფიულ მდგომარეობას და არ იზრუნებენ ოჯახის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე, არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქართველოში მათთან ერთად დამკვიდრდნენ სხვა ხალხები, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან.
შეიძლება, ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას“, - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ გააძლიეროს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ქართველ ხალხს „მავნე გენდერული თეორიებისგან“ დაიცავს: „უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. აი, ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების და ღვთის წყალობის“.
მიუხედავად შიო III-ის მტკიცებისა, რომ დემოგრაფიული კრიზისის სათავე აბორტებია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემები საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით (2012–2024 წლები), საქართველოში აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს და არა იზრდება. თუ 2012 წელს ქვეყანაში 39 225 აბორტი გაკეთდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ შემცირდა და 11 824 შეადგინა.
წლიდან წლამდე აბორტების შემცირების ფონზე, პარალელურ რეჟიმში მცირდება შობადობის მაჩვენებელიც. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დემოგრაფიული კრიზისი არა აბორტებით, არამედ სრულიად სხვა, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული: 2014 წელს საქართველოში 60 635 ბავშვი დაიბადა, 2025 წელს კი ეს რიცხვი 37 867-მდე დაეცა.

პატრიარქის განცხადება „სხვა ხალხების“ მიერ შვილების არმოშორების შესახებ ასევე არ დასტურდება ციფრებით. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური აბორტის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებში ფიქსირდება (ყველა სხვა ეთნიკურ ჯგუფთან შედარებით). ამასთან, ნაკლებ აბორტს იკეთებენ ქალაქად მცხოვრები და უკეთესი განათლების მქონე ქალები.

სტატისტიკური მონაცემები და კვლევები მოწმობს, რომ ქვეყანაში შობადობის კლებასა და რეგიონების დაცლას მძიმე ეკონომიკური პირობები და მასობრივი ემიგრაცია იწვევს:
- საქართველოში 3-შვილიანი ოჯახების 71% სიღარიბის ზღვარს მიღმაა ცხოვრობს.
- ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ხოლო წელიწადში საშუალოდ 300 ბავშვი სწორედ შიმშილთან დაკავშირებული მიზეზებით იღუპება.
- ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს სკოლები 20 000-მა მოსწავლემ დატოვა და მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.
რაც შეეხება საერთო დემოგრაფიულ სურათს, საქართველოს მოსახლეობა 3,929,581 ადამიანს შეადგენს. თუმცა, მოსახლეობის 5.8%-იანი ზრდა (2014 წლის აღწერასთან შედარებით) მხოლოდ თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის ხარჯზე ფიქსირდება. ქვეყნის ყველა დანარჩენ რეგიონში მოსახლეობის დრამატული კლება შეინიშნება.
