რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ დგამს ნაბიჯებს - მაკა ბოჭორიშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის „სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავების“ შესახებ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ერთი კვირის შემდეგ გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ ღია ნაბიჯებს დგამს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა დაადასტურეს რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, კრემლი კვლავ უგულებელყოფს ვალდებულებებს. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე ომთან და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შერჩევითი მოქმედება საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა არ არის, არამედ პასუხისმგებლობაა საერთო ევროპული მომავლის წინაშე.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ახალი დოკუმენტი ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) სამოქალაქო, საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის სრულად მორგებას რუსულ მოდელზე, ასევე ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანებას. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რეგიონის სრულ ინსტიტუციურ შთანთქმასა და ფაქტობრივი ასიმილაციის უპრეცედენტო ეტაპს წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ხელშეკრულების რატიფიკაცია 13 მაისს მოახდინა. ის ძალაში ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერ კონტროლირებად რეჟიმს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ოპოზიციამ ოკუპირებული რეგიონების ანექსიურ პროცესებზე დუმილის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ეს უმოქმედობა რეალურად ნიშნავს თანხმობას მიმდინარე ანექსიაზე, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საბოტაჟია. მისი განცხადებით, ამის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ, „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მათ შორის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებული განცხადებები და 2008 წლის ომში საქართველოს დამნაშავედ წარმოჩენის მცდელობა „საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.