საქართველომ მხარი არ დაუჭირა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას

კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეზოლუცია, რომლის მთავარი მიზანია სპეციალური ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების დაფუძნება, მინისტერიალის მონაწილე 46 სახელმწიფოდან 36-მა და ევროკავშირმა დაამტკიცეს. დოკუმენტი განსაზღვრავს კომიტეტის სტრუქტურასა და ფუნქციებს, რაც მოიცავს სასამართლოს დაფინანსების უზრუნველყოფას, ბიუჯეტის დამტკიცებას და მოსამართლეებისა თუ პროკურორების არჩევას.

რეზოლუციას არ შეუერთდა საქართველო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილის სახით იყო წარმოდგენილი.

„ამ სახელმწიფოებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური ტრიბუნალის რეალურად შექმნისა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებლობის აღიარებისკენ. სპეციალური ტრიბუნალი სამართლიანობისა და იმედის სიმბოლოა. ახლა საჭიროა მოქმედება, რათა ამ პოლიტიკურ ვალდებულებას მოჰყვეს ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფა. სწრაფად ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთს პასუხი მოეთხოვება თავისი აგრესიისთვის. ჩვენ წინაშე არსებული გზა სამართლიანობის გზაა და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, — განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

მან მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ყველა საჭირო ეროვნული პროცედურა სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრიანებლად.

ტრიბუნალი გამოიძიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს და გაასამართლებს მათ, ვინც პირველ რიგშია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე. მისი მიზანია შეავსოს ხარვეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში და პასუხისგებაში მისცეს ამ დანაშაულში ჩართული მაღალჩინოსნები.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს შეთანხმებას, პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა.

„საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის ფუფუნებას, რომ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა დააყენოს საქართველო გარკვეული გაზრდილი რისკების წინაშე ან გამოწვევების წინაშე.

ამ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სჭირდება სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვაქვს ძალაინ დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებაში. ჩვენთვის მნიშვნელოოვანია, რომ უკრაინულ მხარეს სრულად ჰქონდეს წარმოდგენა ამ ყველაფერზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა მედიასთან.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას შეხვდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის სუვერენიტეტს, მაგრამ გვაქვს ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურებოდა ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.

იმ 36 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც ახალ შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, არიან: ავსტრია, ანდორა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და ხორვატია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.