აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული და დივერსიული ოპერაციების სერია, რომლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი წარმოადგენდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
უწყების ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილია ირანული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ქსელი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი რანგის პირებზე თავდასხმებს გეგმავდა.
ნავთობსადენის გარდა, ტერაქტების პოტენციურ ობიექტებს შორის იყო ისრაელის საელჩო ბაქოში, მთიელ ებრაელთა თემის ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა.
სამართალდამცავებმა ბაქოს საბაილის რაიონში 7.73 კილოგრამი C-4 ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, ხოლო ქარადაღის რაიონში ამოღებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა, რომლის აფეთქების რადიუსი 250-300 მეტრია. აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გარდა, ირანული მხარე გეგმავდა საზოგადო მოღვაწის მკვლელობასაც, რისთვისაც ადგილობრივ კოლაბორატორებს სამიზნის სამუშაო ადგილზე თვალთვალი და ცეცხლსასროლი იარაღის მოპოვება ჰქონდათ დავალებული.
საქმეზე აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების მასალებით, ტერორისტული აქტების ორგანიზებაში მონაწილეობდა ირანის დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი ალი ასგარ ბორდბარ შერამინი. ამ დროისთვის საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულია ირანის ოთხ მოქალაქეზე, ხოლო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები უცხოური სპეცსამსახურების სხვა შესაძლო დივერსიული გეგმების გამოსავლენად გრძელდება.
ჯერ კიდევ 3 მარტს, გამოცემა Middle East Eye საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თეირანი სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე თავდასხმას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ BTC რეგიონის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული არტერიაა, რომელიც კასპიის ნავთობს საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარს აწვდის და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად მიიჩნევა.
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა 5 მარტს, როდესაც ირანის ტერიტორიიდან განხორციელებული დრონებით შეტევის შედეგად ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტი დაზიანდა და ორი ადამიანი დაიჭრა. მომხდარის გამო, ბაქომ ირანის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა და მკაცრი პროტესტი გამოუცხადა, ხოლო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ნებისმიერ აგრესიას შესაბამისი პასუხი გაეცემოდა.
იმავე დღეს, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ალიევს ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი სტრატეგიული ენერგოპროექტების დაცვის კრიტიკულ მნიშვნელობას.
