„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ ორგანულ კანონებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„გრანტის“ ცნება ფართოვდება და გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
გრანტად მიიჩნევა ზემოაღნიშული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით.
გრანტად ასევე ჩაითვლება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირების საქართველოში რეგისტრირებულ წარმომადგენლობებისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც (გამონაკლისია ბიზნეს საქმიანობის მიზნით გადაცემული სახსრები).
უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ. თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც მათ პასუხს ერთი თვის განმავლობაში გასცემს.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით, „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით - „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. აღნიშნული გულისხმობს „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
კონსტიტუციური ორგანოების - მაგალითად, პარლამენტის ან პრეზიდენტის არაღიარება - გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს - კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - ეს გულისხმობს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 34 წლამდე.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში განისაზღვრა, რომ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ამავე კანონში ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ ნაცვლდება და მისი შინაარსი ფართოვდება. ახალი კანონის თანახმად, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას.“ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტებზეც გავრცელდება. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
