ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილმდებარეობის შეცვლა მოსკოვისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებების სხვა სივრცეში გადატანის მიზნით „კონფიდენციალურ მუშაობას“ განაგრძობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ ფორმატის შეცვლის ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნის და მას მხარს უჭერენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც. მოსკოვის მიზანია, მოლაპარაკებები გადავიდეს ისეთ ადგილას, რომელიც იქნება „ჭეშმარიტად ნეიტრალური“.
„მიზეზი აშკარაა - შვეიცარიის გადახვევა დეკლარირებული ნეიტრალიტეტიდან, რაც გამოიხატა ბერნის მიერ ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან და „კოლექტიური დასავლეთის“ სხვა შეზღუდვებთან შეერთებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
ამ ეტაპზე კონკრეტული ადგილები არ სახელდება, რადგან, ზახაროვას თქმით, პროცესი კონფიდენციალურია და ნაადრევი საუბარი საერთო სურათს დააზიანებს.
„ამჟამად მიმდინარეობს გულმოდგინე მუშაობა ამ ამოცანის შესასრულებლად, ვგულისხმობ მოლაპარაკებების სივრცის ძიებას. მოლაპარაკებების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მით უმეტეს საჯაროდ, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილზე საუბარს ნაადრევად მივიჩნევთ, თუმცა მუშაობა გრძელდება. ამ საკითხზე საჭირო კონსენსუსის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, გამოიკვეთება საერთო სურათიც ჟენევის ალტერნატივის შესახებ“, – თქვა ზახაროვამ.
ჟენევის ფორმატის მინსკში შესაძლო გადატანის შესახებ ზახაროვას კითხვა „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარმა, პაატა აბულაძემ დაუსვა. ის ღიად პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა.
არსებული ინფორმაციით, მათი შვილები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან, თავად აბულაძე კი არაერთხელაა ნამყოფი ოკუპირებულ დონეცკში. აბულაძე ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრებთან ერთად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს. ის რუსული „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრია. აღნიშნული კლუბის მიზანი რუსეთის სუვერენიტეტისა და „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვაა. საინტერესოა, რომ კლუბის ვებსაიტზე აბულაძე „ქართული ოცნების“ წევრადაც არის მითითებული. აბულაძე იმავე კლუბის ხელმძღვანელობაშია, რომელშიც შედიან კრემლის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, დუმის დეპუტატები კონსტანტინ ზატულინი და ანდრეი გურულიოვი, ასევე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივანი სერგეი გლაზევი.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც საქართველო, რუსეთი და აშშ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მედიაციით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ. ფორმატი ორ სამუშაო ჯგუფს მოიცავს: უსაფრთხოების საკითხები - ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო მექანიზმები; ჰუმანიტარული თემები - დევნილთა დაბრუნება, განათლება მშობლიურ ენაზე და თავისუფალი გადაადგილება.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, ზახაროვას განცხადებას „უკიდურესად საგანგაშოს“ უწოდებს. მისი თქმით, ფორმატის სხვაგან გადატანა, ფაქტობრივად, მის დაშლას ნიშნავს.
„ჩვენ მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას: არის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე?“ - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
გახარია ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ხელისუფლება თვეებია მალავს ინფორმაციას IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) შეხვედრების შესახებ, მაშინ როცა საოკუპაციო რეჟიმი კმაყოფილებას გამოთქვამს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ოცნების“ პოზიციის გამო. გახარიას შეფასებით, ეს ტენდენცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოდიშის მოხდის რიტორიკით დაიწყო და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
