გაერთიანებული სამეფო, ეუთოს 23 სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ერთობლივი განცხადების ავტორები ეყრდნობიან პროფესორ პატრიცია გჟებიკის მიერ მომზადებულ ყოვლისმომცველ ანგარიშს, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალურ და საგანგაშო შეფასებას გვთავაზობს.
მომხსენებლის მთავარი მიგნება ცალსახაა: მანდატით მოცულ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა მკვეთრ დემოკრატიულ უკანდახევას, რაც გამოიხატა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ სისტემურ ძალადობაში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა მიმართ მოპყრობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარსაც კი მიაღწია, ხოლო ამ ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო, რაც დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმა, გაუმართლებლად შეზღუდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამ პროცესებმა „მსუსხავი ეფექტი“ იქონია სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, ხოლო მმართველი გუნდის მცდელობა, აკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ეს მოვლენები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, რომლის დაცვის ვალდებულებაც საქართველომ, როგორც ეუთოს წევრმა, თავად აიღო.
არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, 24 სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებას ხუთ კონკრეტულ ნაბიჯს სთავაზობს: სამართალდამცავთა ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას ან ფუნდამენტურ გადახედვას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლებას, ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შეწყვეტას და სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას.
აღსანიშნავია, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტია, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამოსაკვლევად. წინამდებარე ანგარიშში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეკომენდაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართითაა გაჟღერებული: რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC). ეს წინადადება ეყრდნობა პოლიტიკური დევნისა და წამების მზარდ ფაქტებს, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უმძიმესი კატეგორიის დანაშაულია. განცხადებას დიდი ბრიტანეთის გარდა უერთდებიან ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ კრიტიკული რეკომენდაციების შესასრულებლად.
„ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტების „მავნე მიზნებისთვის“ გამოყენების მცდელობას. ელჩი განმარტავს, რომ მიუხედავად თბილისის კონსტრუქციული ჩართულობისა, მისია გასცდა თავის მანდატს, ხოლო მომზადებული დოკუმენტი ვერ ასახავს ქვეყნის მიღწევებს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის მკვეთრ კლებას. ქართული მხარე მიუთითებს, რომ მისიას მუშაობისთვის მხოლოდ 14 დღე ჰქონდა, რამაც დოკუმენტაციის არასრული ანალიზი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ეუთო-ს წევრ ქვეყნებს, არ დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და არ გაიზიარონ მისიის მიერ წარმოდგენილი „პოლიტიკურად მოტივირებული“ დასკვნები.
