ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც Credit Suisse-სთან საერთაშორისო დავაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს და პერიოდულად საზოგადოებას მის პოზიციებს აცნობს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ინიცირებისთვის მმართველი პარტია გააკრიტიკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
სომხური და ქართული მედიისთვის 9 და 10 მარტს მიცემულ ინტერვიუებში ყიფიანი ამბობს, რომ ძალიან ადვილი იყო იმის პროგნოზირება, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას.
„ეს რეაქცია იკითხებოდა, როგორც ადგილზე, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ახლა იმის ახსნა, თითქოს, საკმარისი განმარტებითი სამუშაო არ ჩატარდა... მე მექნებოდა კონტრშეკითხვა - სად ვიყავით მანამდე, როდესაც ვიცოდით, რომ რეაქცია ასეთი ნეგატიური და მტკივნეული იქნებოდა?“, - განაცხადა ყიფიანმა სომხეთის პირველ არხთან.
რადიო „იმედთან“ მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი მორიგ ჯერზე იქცა ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ რამდენად აქვს გათვიცნობიერებული ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, როგორ არ უნდა უნდა აურიო ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესები პარტიის ინტერესებს.
„ჩვენ რამდენიმე რიტორიკული კითხვა უნდა დავსვათ - ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის ოფიციალურ წამოწყებას ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ?! ჩვენ ხომ ამაზე ვიღებდით არაერთგზის განცხადებას, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომელთა მიმართულებით სვლა ჩვენი დეკლარირებული, ოფიციალური კურსია. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის და ძალაუფლებისთვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები“.
ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, კანონპროექტი სამართლებრივი კუთხით კითხვებს არ იწვევდა და შინაარსით საკმაოდ უმტკივნეულო იყო.
„არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა. იქ არც საქმიანობის შეზღუდვაზე იყო საუბარი, არც სხვა ზომებზე. რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?
თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მითუმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა? კანონპროექტი გამჭვირვალობაზე იყო - ერთ-ერთი მოტივი ასე ჟღერს. მე მივიჩნევ, რომ თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და ცვლილებების შეტანის გზით.
თუ რაიმეა, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. თუ ეს ვერ იქნა სწორად ახსნილი და პროცესი იმას დაემსგავსა, რომ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი განგვეხილა, რეალურ საგნობრივ ცვლილებებს ეს არასამთავრობო სექტორში არ გამოიწვევდა, გარდა მონიტორინგისა და დეკლარირების მოვალეობისა, მაშინ ალბათ, ისინი, ვინც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, როგორც მინიმუმ ასეთი სავარჯიშო უნდა ჩაეტარებინათ - ჩამოეწერათ, ამ კანონპროექტის ინიცირებით, რა არის პლუსები და რა არის მინუსები. ჩემი აზრით, მინუსების სია გაცილებით უფრო ჭარბი იქნებოდა“, - აღნიშნა ყიფიანმა.
13 მარტს, დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას „უკვე გარკვეული პერიოდია, არ ეწევა და მასთან არ არის დაკავშირებული“.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ კი, იძულებული გახდა რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო. კანონპროექტი „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ანიჭებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილებას. მსგავსი კანონმდებლობა რუსეთში 2012 წლიდან მოქმედებს და დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად გამოიყენება.
