ევროპის საბჭოს ვებგვერდზე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული შეფასების ანგარიშის სტატუსად მითითებულია, რომ დოკუმენტი „კონფიდენციალურია“. საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთის შეფასებს ანგარიში 18 აპრილიდან ხელმისაწვდომია - ინგლისურ, ფრანგულ და სომხურ ენებზე. საქართველოს მთავრობა უარყოფს, რომ ანგარიშს მალავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

18-22 მარტს, სტრასბურგში, GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დამტკიცდა. ეს რაუნდი უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ უწყებებში კორუფციის პრევენციას და კეთილსინდისიერების ხელშეწყობას ეხება. იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ეთიკური პრინციპები და ქცევის წესები; ინტერესთა კონფლიქტი; გარკვეული საქმიანობის აკრძალვა ან შეზღუდვა; ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, ვალდებულებებისა და ინტერესების დეკლარირება; ინტერესთა კონფლიქტის წესების აღსრულება; ცნობიერება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.

„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს“, - განაცხადეს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციას თავს დაესხა და ის სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. პრემიერის თქმით, ტყუილია, თითქოს მთავრობა GRECO-ს ანგარიშს მალავს.

„ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“ , ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია.

სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული „ენჯეო“, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, - თქვა კობახიძემ.

ანტიკორუფციულ ბიუროში განმარტავენ, რომ ანგარიშების თარგმნა, მათი მოცულობიდან გამომდინარე გონივრულ ვადას საჭიროებს, რის გამოც, „96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ სამი ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი“. ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ თარგმნის პროცესის დასრულებისთანავე დოკუმენტები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).