4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული 13 პირიდან 4 ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 3 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 5 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 6 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
პარტიის განცხადებით, დაკავებულები არიან ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.
„რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორისაა გორელი სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, „დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას“. მისივე თქმით, ფიცხელაურს აღენიშნება დაზიანებები - ჩალურჯებების და სისხლნაჟღენთების სახით - მკლავებზე, ზურგსა და იდაყვებზე“.
ასევე დაკავებულები არიან ბექა მაჭავარიანი, თორნიკე მჭედლიშვილი, დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშვიაშვილი, გიორგი რურუა, დავით სტურუა და მანუჩარ მიქელაძე.
ამავე საქმეზე პატიმრობაში არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი. ისინი მიმალვაში იმყოფებიან.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებმა ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
