საქართველოს მთავრობამ, პირველად 20 წლის განმავლობაში, უარი თქვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. ამ საკითხს საქართველოში კორუფციის, მართლმსაჯულებისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა - განსხვავებით უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.
OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.
2023 წელს, OECD/ACN-ის მონიტორინგის მეხუთე რაუნდის ფარგლებში, უნდა შეფასებულიყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება; სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება; მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.
„ამ მიმართულებებით ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშავოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს. საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც. 22 ივნისს, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, OECD/ACN-ის პროცესის დატოვების გადაწყვეტილებას გადახედოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან.
