ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებას და რუსული ნავთობის გადამუშავების გამო საქართველოსა და ინდონეზიაში არსებული პორტების დასანქცირებას განიხილავს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
სანქციების დამტკიცების შემთხვევაში, როგორც Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების პორტებს დაასანქცირებს.
სააგენტოს მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირს სანქციების სიაში შეჰყავს საქართველოში მდებარე ყულევის და ინდონეზიაში მდებარე ქარიმუნის პორტები, რაც ევროკავშირის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ამ პორტებთან ბიზნესის კეთებას აუკრძალავს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავისთვის, 24 თებერვლისთვის იგეგმება.
პაკეტი ერთობლივად შეიმუშავეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) და ევროკომისიამ. ის ევროკავშირის ქვეყნებს ორშაბათს, 9 თებერვალს წარუდგინეს. როგორც Reuters-ი წერს, ევროკავშირის სანქციების კანონად ქცევისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღესვე, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მზად არიან, ამ თემაზე ევროკომისიას დეტალური ინფორმაცია წარუდგინონ.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა და მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი“ უწოდა. „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებით, ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, რომლის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი ყოფილი დიზაინერი მაკა ასათიანია - მისი კომპანია „მკ კაპიტალი“ საწარმოში 70.7%-იან წილს ფლობს, ხოლო დარჩენილი 29.3%-ს კომპანია „დუნამის-ის“ საკუთრებაშია. აღნიშნული კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი „ბლექ სი პეტროლიუმის“ დირექტორი დავით ფოცხვერიაა.
სახელმწიფოს კუთვნილმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ ყულევის ქარხნის მშენებლობა 5 მლნ აშშ დოლარის სესხით დააფინანსა. გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, ფონდს გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსების 8.2 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაევალა.
2025 წლის სექტემბერში „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.
ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევის ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ 105 340 ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში ტანკერმა „კაისერიმ“ მიიტანა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (KAYSERI) რუსეთიდან ყულევის პორტში 2 ოქტომბერს შევიდა და მას 10 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. უწყებამ რუსული კომპანიის სახელწოდება არ გაამხილა. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდებოდა. წლის ბოლოს „რუსნეფტი“ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
