გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი დამნაშავედ ცნო გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებაში და მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მენთეშაშვილი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან იმყოფება პატიმრობაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განაჩენის გამოცხადებამდე მენთეშაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა:

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის... ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები, სამუდამოც რომ მომისაჯოთ“.

პროკურატურის მტკიცებით, ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა მენთეშაშვილმა 2025 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, სახე დაიფარა და საავტომობილო გზა ხელოვნურად გადაკეტა. პროკურატურა მიუთითებს, რომ ადამიანთა მცირე რაოდენობის გამო ამის ობიექტური აუცილებლობა არ არსებობდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა) წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ზურაბ მენთეშაშვილის საქმეს ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკისა და სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს უწოდებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ქმედება, რომელსაც უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეს ედავებიან, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ზიანი არ გამოუწვევია და კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებიდან გამომდინარეობდა.

საია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მანამდე არსებული რედაქცია სრულად შეცვალა: ცვლილებამდე შეკრების წესის დარღვევა მხოლოდ მძიმე შედეგის (მაგ. გარდაცვალება) დადგომისას იყო დასჯადი. ცვლილების შემდეგ კრიმინალიზდა ისეთი ქმედებები, როგორიცაა საავტომობილო გზაზე გადასვლა ან ნიღბის ტარება. ამასთან, 347-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საიას შეფასებით, ალტერნატიული სასჯელის არქონა არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ასეთ პიროებებში, სასამართლო ფაქტობრივად იქცევა „მექანიკურ აღმასრულებელ რგოლად“.

ზურაბ მენთეშაშვილი პირველი დემონსტრანტი და აქტივისტია საქართველოში, რომელიც საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გაასამართლეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - შეკრების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ჯარიმის ოდენობა; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სანქციები, რომლებიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის (მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის) მიმართ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.