სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე დააკავა

გუ;ბაათ რცხილაძე

უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით პრორუსული ორგანიზაციის „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. ორივე პირის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუს-ის მტკიცებით, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას; ჰქონდა მაღალ დონეზე ორგანიზებული სისტემური კონტაქტები. ინფორმაციას გადასცემდა როგორც ელექტრონულად, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამართულ პირისპირ, კონსპირაციულ შეხვედრებზე. უცხოური სპეცსამსახურების დაფინანსებით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიებას.

გულბაათ რცხილაძის მიერ 2009 წელს დაფუძნებული „ევრაზიის ინსტიტუტი“ საქართველოში პრორუსულ იდეოლოგიას ავრცელებს და თანამშრომლობს პუტინის მიერ შექმნილ, სანქცირებულ „პრავფონდთან“, საიდანაც დაფინანსებას იღებდა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა.

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელის საქმეზე სუს-ი შემდეგ დეტალებს გამოყოფს - სუს-ის მტკიცებით, ჩიხლაძე ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის დავალებით მართავდა სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და ანაწილებდა სპეცსამსახურებისგან მიღებულ თანხებს; ჟურნალისტურ და ექსპერტულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების გამოყენებით აგროვებდა მონაცემებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვანი უწყებებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შესახებ; იყენებდა დაშიფრულ კომუნიკაციას და კონსპირაციის მკაცრი დაცვით მართავდა შეხვედრებს. ინფორმაციას აგროვებდა საზღვარგარეთ გამგზავრებების დროსაც.

ირაკლი ჩიხლაძე

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ ძირითადად საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ე.წ. „სამოქალაქო მოსმენების“ ორგანიზებით იყო ცნობილი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან და რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ორგანიზაცია სხვადასხვა დროს რეგიონული შეხვედრების ინიციატორი იყო; მაგალითად, 2015 წელს მათ გორში გამართეს სამოქალაქო მოსმენა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ, იმავე წელს კი ერევანში ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტების შეხვედრა მოაწყვეს.

ირაკლი ჩიხლაძის მეუღლის თქმით, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, ირაკლი ჩიხლაძე იღებდა გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისათვის, ოღონდ არა რუსეთიდან.

ირაკლი ჩიხლაძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უძილაური დააკავა.

სუს-ის წარმომადგენლის, ლაშა მაღრაძის ცნობით, უძილაური უცხო ქვეყნის სასარგებლოდ აგროვებდა საიდუმლო მონაცემებს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ძალოვან უწყებებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე. სუს-ის მტკიცებით, გიორგი უძილაური უცხო ქვეყნის დავალებით მუშაობდა მედიაპლატფორმების შექმნაზე სადაზვერვო მიზნებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოზე. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.

მანამდე, 25 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 27 წლის სტუდენტს, თამაზ გოლოევს (გოლოთი), რომელიც ოკუპირებული ახალგორიდანაა. სუს-ის ინფორმაციით, გოლოევი ფოტო-ვიდეოგადაღების გზით აგროვებდა ინფორმაციას სტრატეგიული ობიექტების (ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების) და სამართალდამცავი უწყებების დისლოკაციის ადგილების შესახებ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.