სომხეთი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობას იწყებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ გიუმრიში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური მომავლისთვის გარდამტეხი ინიციატივები დააანონსა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნით ჩვენ გადავლახეთ სომხეთის განბლოკვის პირველი ეტაპი და ახლა გვაქვს სარკინიგზო კავშირი აღმოსავლეთთან და დასავლეთთან. ეს პირველი, მაგრამ არა სრული ეტაპია. წინ დიდი მოვლენები გველოდება“, - განაცხადა ფაშინიანმა, რომელიც მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ საპარლამენტო პროპორციული სიის სათავეშია.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა პროექტ TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) მნიშვნელობას, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამიტზე გამოცხადდა. მისი თქმით, TRIPP ფუნქციონირებას ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების საფუძველზე დაიწყებს.

„ყველამ, ვინც დაგვადანაშაულა დერეფნების დათმობასა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის დარღვევაში, ფიასკო განიცადა. TRIPP სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და დებლოკადის ყველაზე ძლიერი სიმბოლოა. სიუნიქი მშვიდობის გზაჯვარედინად იქცა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, დიდი მოვლენებია მოსალოდნელი შირაკის რეგიონშიც.

„საინტერესო რამ ხდება, რაც აქამდე ვერ შევამჩნიეთ, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოდან ყურადღებით აკვირდებიან სომხეთს და სომხეთში მიმდინარე პროცესებს, შენიშნეს, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უმოკლესი მარშრუტი გადის სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის, ლორის და შირაკის რეგიონებზე. ჩვენ ვასრულებთ, ანუ დავასრულეთ შირაკის რეგიონის მონაკვეთი, აშტარაკ-გიუმრის ჩრდილოეთ-სამხრეთის მონაკვეთი, მაგრამ ახლა საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და უკვე მოგვმართეს ახალი წინადადებით – ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ, რომელიც ასევე გაივლის შირაკის, ტავუშისა და ლორის რეგიონებს.

რკინიგზის პარალელურად, უახლოეს წლებში დავიწყებთ ავტომაგისტრალის მშენებლობასაც. ეს იქნება უმოკლესი მარშრუტი, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან დააკავშირებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ამ გეგმებს „ეპოქალური“ უწოდა და ხაზი გაუსვა მათ ეკონომიკურ სარგებელს: „ეს ცვლილებები მილიონობით, ათობით მილიონი, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გვპირდება სომხეთსა და შირაკის რეგიონში“. მისივე პროგნოზით, პროექტი შირაკში ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და ეს მხარე სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი აღარ იქნება.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. საგარეო პოლიტიკა წინასაარჩევნო დებატების ცენტრალური თემაა. ფაშინიანის მთავრობას კურსი რუსეთისგან თანდათანობით დისტანცირებასა და დასავლეთთან დაახლოებაზე აქვს აღებული, რასაც მოსკოვი ღიად უპირისპირდება. რუსული მხარე ითხოვს, არჩევნებზე დაუშვან სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ამჟამად სომხეთში შინაპატიმრობაში იმყოფება.

დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსული სპეცსამსახურები სომხეთში მართავენ ფართომასშტაბიან ქსელს, რომლის მთავარი მიზანია, შეამციროს ფაშინიანისა და მისი პარტიის საარჩევნო შედეგები. რუსული გეგმის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად სწორედ კარაპეტიანია მიჩნეული. The Insider-ის თანახმად, ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან არის დაკავშირებული.

პარალელურად, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ორგანიზებული ბოტ-ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებით, რუსული დეზინფორმაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს. მოსახლეობაში ვრცელდება ნარატივი, თითქოს ფაშინიანის გამარჯვება აუცილებლად გამოიწვევს ომს სომხეთსა და რუსეთს შორის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა სომხური პროდუქციის (ყვავილები, მინერალური წყალი, ალკოჰოლური სასმელები) იმპორტის შეზღუდვაც დაიწყო, რაც პოლიტიკური მიზნების მიღწევის დამატებით ბერკეტად განიხილება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.