საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც განაკვეთმა 8.25% შეადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვთ მიბმული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, ყოველთვიური შენატანი 252,029 მსესხებელს გაეზრდება. ცვლად განაკვეთზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 19.9 მილიარდი ლარია, საიდანაც რაოდენობრივად ყველაზე დიდი ნაწილი (80%) იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მოდის.
ეროვნული ბანკის განმარტებით, პოლიტიკის გამკაცრების მთავარი მიზეზი ინფლაციური წნეხია.
აპრილის მონაცემებით, ინფლაციამ საქართველოში 5.9%-ს მიაღწია, რაც საგრძნობლად აჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.
მარეგულირებელი ხაზს უსვამს გარე ნეგატიურ ფაქტორებსაც: ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება; ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების შეფერხებები.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს ნაბიჯი ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციას ემსახურება.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე. მისი შეფასებით, პოლიტიკის გამკაცრება თეორიულად სწორია, თუმცა პრაქტიკული შედეგი მინიმალური იქნება: „ეს იმას ჰგავს, მანქანის სვლის შესანელებლად სიჩქარე კოლოფში ერთით უკან ჩააგდო, მაგრამ გადაცემა ვერ შედგეს, რადგან სისტემა დაზიანებულია. ამაში დამნაშავე მთავრობასთან ერთად ეროვნული ბანკიცაა“.
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თუ გეოპოლიტიკური შოკები გახანგრძლივდება, კომიტეტი განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. პოლიტიკის ნორმალიზება (შემცირება) მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციური წნეხი ამოიწურება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 17 ივნისს არის ჩანიშნული.
