კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური. ინციდენტი 17 ივნისს მოხდა. ბექაური მართავდა კონგოს არმიის კუთვნილ საბჭოთა წარმოების Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს, რომელიც მანიემის პროვინციის ქალაქ კინდუსთან ჩამოვარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, თვითმფრინავი მინემბვეს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზვიად ბექაური საქართველოს საჰაერო ძალებში მისი ჩამოყალიბების საწყისი ეტაპიდან მსახურობდა. იგი იყო მარნეულის საავიაციო ბაზის შტაბის უფროსი და მონაწილეობდა 1990-იანი წლების აფხაზეთის კონფლიქტსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა წლებია იქცა ადგილად, სადაც სამხედრო გამოცდილების მქონე ქართველები კონტრაქტით მუშაობენ. ქართველი სპეციალისტების ნაწილი კონგოში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც საქართველოში სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს ან უსამსახუროდ დარჩნენ.
ამ სპეციალისტების მოთხოვნადობა განპირობებულია მათი მაღალი კვალიფიკაციითა და საბჭოთა წარმოების ტექნიკასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით - უნარით, რომელიც ამ ტიპის ავიაციით აღჭურვილი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით ფასეულია. კონგოში ქართველი ინსტრუქტორები და ინჟინრები ძირითადად ადგილობრივი პილოტების გადამზადებასა და საავიაციო ტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ.
2017 წლის იანვარში ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ჩამოვარდა Ми-24 ტიპის ორი შვეულმფრენი. ერთ-ერთს თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული მართავდა. ოფიციალური ვერსიით, ის ტყვედ ჩავარდა და მას შემდეგ დაკარგულად მიიჩნევა. ოსორაული ცნობილია 2008 წლის ომში შესრულებული გმირული მანევრით, როდესაც მან ალყაშემორტყმული ქართული ქვედანაყოფები დაიხსნა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთი რეგიონები, განსაკუთრებით კი კივუს პროვინციები და მინემბვეს მთიანეთი, ათწლეულებია, რთული შეიარაღებული დაპირისპირებების ეპიცენტრს წარმოადგენს.
ამ ტერიტორიებზე კონტროლისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც სამთავრობო ძალები, ისე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის „M23“-ის მეამბოხეები და ბანიამულენგეს ეთნიკური თემის წარმომადგენელთა შეიარაღებული ფორმირებები. ეთნიკურ და ტერიტორიულ დაპირისპირებაზე დაფუძნებული ეს კონფლიქტები მუდმივ საფრთხეს უქმნის როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ისე საავიაციო საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც რეგიონის რთული გეოგრაფიული რელიეფის გამო განსაკუთრებულ რისკებთანაა დაკავშირებული.
