დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ

საქართველოს წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები გენერალურ პროკურატურას და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავენ. მედიის წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ გაზეთქრონიკა +“-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული ზომების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები, კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ჟურნალისტის, გაზეთ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული ღონისძიებების გამო.

ოთხი თვეა, ელისო კილაძეს შეზღუდული აქვს ელემენტარული უფლებები: სატელეფონო ზარები, მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი.

სასამართლო პროცესების დახურვა და საქმის სრულად გასაიდუმლოება მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის საბაბით, მიზნად ისახავს საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და პროცესის სრულ იზოლაციას.

მივმართავთ გენერალურ პროკურატურას:

  • დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები;
  • უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა და საჯაროობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობისა და დასაშვებობის კრიტიკული შეფასება.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. გელა მთივლიშვილი - საქართველოს ამბები / მთის ამბების მთავარი რედაქტორი;
  2. ეთერ თურაძე - ბათუმელების მთავარი რედაქტორი;
  3. თამარ რუხაძე - ბათუმელები/ ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილე;
  4. ლიკა ზაკაშვილი - პუბლიკის მთავარი რედაქტორი;
  5. ლია ჩახუნაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
  6. ნინო ჯანგირაშვილი - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;
  7. გიორგი თარგამაძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე;
  8. ზურაბ ვარდიაშვილი - პუბლიკის დირექტორი;
  9. დათო ქოქოშვილი - ნეტგაზეთის რედაქტორი;
  10. ნოდარ მელაძე - tv პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
  11. სულხან მესხიძე - „აჭარა თაიმსის“ დირექტორი;
  12. ნათია კუპრაშვილი - JRC ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი;
  13. ნინა ხელაძე - TOK TV-ის ხელმძღვანელი;

ხელმოწერები გრძელდება ამ ბმულზე.

ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს. საქმეზე ბრალდებულთა შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები. ბრალდებულთა ნაწილი ამჟამად მიმალვაშია; მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფი ათეულობით ქოლცენტრს ფლობდა. ბრალის დადგენილებაში ელისო კილაძესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იგი სხვადასხვა მედიაპლატფორმის გამოყენებით დანაშაულებრივი საქმიანობის „კანონიერად წარმოჩენას“ უზრუნველყოფდა, ასევე, დაგეგმილი ჰქონდა კონკურენტი ქოლცენტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შანტაჟისა და მათი „გადმობირების“ მიზნით.

თავად ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი, სხდომების დახურვას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საგამოძიებო ორგანოს უსუსურობაზე მეტყველებს:

„სხდომა არ უნდა დახურულიყო. შეზღუდვებმა, რაც ციხეში დაუწესეს ქალბატონ ელისოს, უფრო გააძლიერა ეჭვები იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს ეშინია. მას არ გააჩნია მტკიცებულებები, ეს გამომჟღავნდება და საქმე ჩამოიშლება“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.