ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური ქორწილის კორტეჟის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშებით გადაადგილდებოდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ინციდენტს, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მასობრივი დაკავებები და დაპატიმრება მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ქორწილი გასულ შაბათ-კვირას გაიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ცეკვავენ ახალგაზრდები საქართველოს დროშებით ვლადიკავკაზის ცენტრში, ხოლო ავტომობილებით მსვლელობისას დროშებს კორტეჟის სხვა წევრებიც აფრიალებენ. კადრებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილიც ფიგურირებს.
ვიდეომ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადგილობრივ „ტელეგრამ-არხებზე“ ავტომობილის მფლობელის იდენტიფიცირებისა და მისი დასჯის მოწოდებები გაჩნდა.
„ალანია ნიუსმა“ (Alania News) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „მათ არა მხოლოდ საკუთარი თავი შეარცხვინეს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ოსს... ოსეთში არ არის საქართველოს დროშის ადგილი, სახელმწიფოსი, რომელიც ერთი საუკუნის განმავლობაში ოთხჯერ ცდილობდა ოსი ხალხის განადგურებას“.
მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ქორწილის რამდენიმე სტუმარი მომხდარის გამო საჯაროდ იხდის ბოდიშს და აცხადებს, რომ „გააცნობიერეს შეცდომა“.
„არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვინდოდა. აგვიხსნეს, რომ ეს ჩვენი მხრიდან არ იყო სწორი საქციელი. ყველას კარგად გვესმის, თუ რა მოხდა 1992 და 2008 წლებში“, - აცხადებს ვიდეოში ერთ-ერთი ახალგაზრდა.
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 267.1 მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, 8 პირს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს; მათგან 4-ს სასამართლომ უკვე შეუფარდა 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
მილიციამ კორტეჟში შემავალი ავტომობილები ნივთმტკიცების სახით ამოიღო და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.
