ეუთო-ს ასამბლეამ საქართველოს შესახებ უპრეცედენტოდ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

8 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგაში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, რომელიც საქართველოს შესახებ უპრეცედენტოდ კრიტიკულ ჩანაწერებსა და სპეციალურ რეზოლუციას მოიცავს. ასამბლეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად და გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაში, სახელწოდებით „არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა საქართველოში“, ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო (ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა). დოკუმენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილ მანიპულაციებზე, როგორიცაა ბიულეტენებით მაქინაციები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ე.წ. „კარუსელები“.

ასამბლეა გმობს ადმინისტრაციული რესურსების სისტემატურ გამოყენებასა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციას, რამაც, მათი შეფასებით, ქვეყანაში დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა ჩამოაყალიბა და შეარყია ნდობა დემოკრატიული პროცესების მიმართ.

დოკუმენტი ხაზს უსვამს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობას.

საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, განსაკუთრებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში. რეზოლუციის თანახმად, აღნიშნული აქტები მკვეთრად ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, რაც სამოქალაქო საზოგადოებაზე დამთრგუნველ ეფექტს ახდენს.

დემოკრატიული უკუსვლის აღმოსაფხვრელად, ასამბლეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს რეალური ინსტიტუციური რეფორმები. ეს პირველ რიგში სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენას გულისხმობს, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან მჭიდრო კონსულტაციით.

დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. ამასთანავე, ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდებენ, სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ 2026 წლის მოხსენების რეკომენდაციები და უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა სავარაუდო ფაქტზე დაუყოვნებლივი და მიუკერძოებელი გამოძიება.

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, დეკლარაცია მხარს უჭერს ინკლუზიურ დიალოგს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მუდმივად მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან დემოკრატიული ნორმების აღდგენა.

რეზოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ არის არჩევნების შედეგების არაღიარება, თუკი ისინი სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ პროცესად არ შეფასდება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაცია განზრახ ამახინჯებს პოლიტიკურ რეალობას, აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, - აღნიშნა სამხარაძემ.

დელეგაციის ბოიკოტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა: „როგორც იცით, ადგილების ცარიელი დატოვება, მათ შორის თქვენს ქვეყანაშიც, არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ასე რომ, თქვენ აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არის ერთად ყოფნა კონფლიქტების გადაჭრის მცდელობისას“.

კიდევ უფრო მკვეთრი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა. პაპუაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციები დღეს ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში შურისძიებისა და კონფლიქტების წაქეზების არენად იქცა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ გამოჩენილი „წინასწარ განზრახული უსამართლობა“ ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს.

ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში ეუთოს წევრი ქვეყნებიდან და პარტნიორებიდან დაახლოებით 250 პარლამენტარი იყო შეკრებილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.