53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ამავე საქმეზე დაკავებულია „ორგანიზებული ჯგუფის კიდევ 16 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ ძებნა გამოცხადდა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ „ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018-2025 წლებში მოქმედებდა.
პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.
დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე.
აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.
ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.
ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით, ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს, ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო, ფიზიკურ პირებზე საცალო რეალიზაციით, საფრთხე შეუქმნეს ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის გნაცხადებით, ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, ყოფილი საჯარო მოხელე დანაშაულებრივ ჯგუფს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაში აქტიურად ეხმარებოდა. მას ბრალდება 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. პროკურატურა ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.
ადვოკატების თქმით, საქმის მასალებით ირაკლი მხეიძის ბრალეულობა არ დასტურდება.
კორუფციაშია ბრალდებული იმდრონდელი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის კიდევ ერთი მოადგილე ილია ღუდუშაურიც. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ტენდერში წინასწარ შერჩეული კომპანიის გამარჯვებას ედავებიან, რომელსაც სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო. ღარიბაშვილი მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაშია მსჯავრდებული. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, საპროცესო შეთანხმების შედეგად 2026 წლის იანვარში 5 წელი მიუსაჯეს და დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მასვე ჩამოართვეს „საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 6 500 000 აშშ დოლარი“.
