აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, რაულ ლოლუა აცხადებს, რომ თბილისს აფხაზეთთან მიმართებაში თავისი სტრატეგიული მიზნები არ შეუცვლია და მხოლოდ ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ შანსს ელოდება. მისი თქმით, ქართული მხარის ამჟამინდელი ტაქტიკა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზეა მიბმული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ლოლუას შეფასებით, ქართული ჯარის მოდერნიზაცია და ნატო-სთან ერთობლივი წვრთნები ერთადერთ მიზანს - საკითხის სამხედრო გზით გადაჭრას ემსახურება:
„საქართველოს არასდროს უთქვამს უარი საკითხების სამხედრო გზით გადაჭრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამაზე ღიად არ საუბრობენ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებიან - ხდება მათი მოდერნიზაცია, მუდმივი წვრთნები. უფრო მეტიც, ისინი ნატო-ს ქვეყნებთან ერთად იწვრთნებიან, რაც სრულიად სხვა დონეა, თანამედროვე შეიარაღებას იღებენ“.
ლოლუა სვამს კითხვას, თუ რისთვის სჭირდება ქვეყანას ასეთი ძლიერი არმია, როდესაც მას სხვა მეზობლებთან ტერიტორიული დავა არ აქვს: „ცხადია, რუსეთზე თავდასხმას ვერ შეძლებენ და არც რუსეთი გეგმავს საქართველოზე თავდასხმას. მათ არანაირი ტერიტორიული დავა არ აქვთ სომხეთთან და მით უმეტეს, აზერბაიჯანთან. მაშინ რისთვის სჭირდებათ ასეთი შეიარაღება და რატომ ინარჩუნებენ ასეთ არმიას? მხოლოდ საკითხის სამხედრო გზით გადასაჭრელად. სხვა პასუხი არ არსებობს“.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ თბილისის სტრატეგია რუსეთის დასუსტების მოლოდინზეა აგებული:
„დღეს ისინი უბრალოდ ელოდებიან, რომ რუსეთი დასუსტდება ან რაიმე ნეგატიური პროცესები დაიწყება, რათა სწრაფად დაიწყონ ზოგიერთი საკითხის მოგვარება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამხანაგები ცდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ისინი და ვერც მათი შვილები ამას ვერ მოესწრებიან“.
ინტერვიუში ლოლუა ხაზს უსვამს, რომ ისტორიული გამოცდილება მას თბილისთან დიალოგის ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს: „ქართველ პოლიტიკოსებს არასდროს უნდა ენდო: ისინი გეტყვიან ერთს, მაგრამ სულ სხვა რამეს გააკეთებენ“. თუმცა, ითხოვს „თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე“ ხელმოწერას.
„აუცილებელია ხელი მოეწეროს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას... ეს ჩვენც დაგვამშვიდებდა და მათაც“.
ლოლუა დასძენს, რომ ვიდრე საქართველო შეიარაღებას აგრძელებს, აფხაზური მხარეც ვალდებულია მოახდინოს რეაგირება: „თუ მოცილდებით სამხედრო რიტორიკას, მაშინ ჩვენი მომზადებაც და შეიარაღებაც, შესაძლოა, ნაკლები ხარისხით იყოს. ჩვენ ხომ ვუყურებთ, ისინი როგორ იარაღდებიან და, შესაბამისად, ჩვენც ვრეაგირებთ“.
რაულ ლოლუა აღნიშნავს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან თბილისში გამართულ სამხედრო აღლუმებსა და შეიარაღებას.
„ვერ ვიტყვი, რომ ქართული დანაყოფები სუსტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული და ძლიერი კავშირი რუსეთთან. 2008 წელს ჩატარდა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების მიზნით. ქართველებს უნდოდათ ჩვენთან აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ აღმოვჩნდით მათთან - ვიყავით სენაკში, ფოთში, ვნახეთ ბაზები, როგორ წვრთნიან, რა დოკუმენტაცია აქვთ. ასე რომ, ფაქტობრივად, ვიცით მათი ადგილმდებარეობა და განლაგების წერტილები“.
ლოლუა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და რეგიონის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატებაზე:
„რუსეთის მიერ უკრაინაში ჩატარებული ოპერაციის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული მომავალი აფხაზეთის წარმატებაც“.
ლოლუა ამბობს, თითქოს, ქართული მხარე მათ „კონფედერაციის რაღაც ფორმებს“ სთავაზობს, თუმცა, პასუხი მოკლე და მკაფიოა - ეს საკითხი ახლა აღარ დგას და არც არასდროს დადგება უახლოესი ათწლეულების თუ საუკუნეების განმავლობაში: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდობა ამას არასდროს დათანხმდება, რადგან ისინი სხვა ტიპის ახალგაზრდები არიან, მათ არასდროს უნახავთ, როგორ გამოიყურებიან, როგორ საუბრობენ ქართველები, ისინი სრულიად სხვა ტიპის ახალგაზრდები არიან, ისინი თანამედროვე დამოუკიდებელ ქვეყანაში გაიზარდნენ“.
