ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
ალეკო ელისაშვილის მეუღლის, ირინა კილოსანიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად წინასწარ იყო განსაზღვრული:
„ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. რეალურად მაშინ მიუსაჯეს... ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც ამ შენობაში იმართებოდა“.
განაჩენის გამოცხადებას თავად ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლემ ის სხდომის დარბაზიდან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო გააძევა. გაძევებამდე ელისაშვილმა განაცხადა:
„პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, პარლამენტში რომ შევედი და ვცდილობდი, სხვა პოლიტიკური კულტურა შემექმნა, შეურაცხყოფის გარეშე მელაპარაკა პირველი სამი წელი, სანამ ამ რუსულ კანონს შემოიტანდნენ... მოდი, კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შევქმნათ-მეთქი... ახლა იმას ვნანობ, ყოველდღე რატომ არ ვცემდი პაპუაშვილს... ამათთან პოლიტიკური კონსტრუქციულობით კი არ უნდა მელაპარაკა, ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებენ.
კარგად ვიცი, რომ ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ჩემთვის არის მთავარი ერთი რამ, რომ მამაჩემი და ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ...! უკრაინას გაუმარჯოს, საქართველოს და დედის ...ნა რუსეთს!“
პოლიტიკოსის გამოსვლას სხდომის დარბაზში მყოფთა მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და დამსწრეებიც გააძევა.
პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩით ჩაამსხვრია კანცელარიის მინა, შენობაში შეაღწია და იქ არსებულ ნივთებსა და დოკუმენტაციას აალებადი ნივთიერება დაასხა. ბრალდების თანახმად, მან წინააღმდეგობა გაუწია მანდატურებს, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და მისი მიზანი სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო.
საგულისხმოა, რომ ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღიძრა. თუმცა, პროკურატურამ კვალიფიკაცია გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში შეცვალა და პოლიტიკოსს ბრალი ტერორიზმის მცდელობისთვის წარუდგინა. კვალიფიკაციის შეცვლას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადება, რომ ელისაშვილმა „ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა“.

ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი (ტერორისტული აქტის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ელისაშვილმა საკუთარი ქცევით, ქმედების არაღიარებითა და მონანიების არქონით ვერ დაიმსახურა, რომ მის მიმართ მინიმალური სასჯელი ყოფილიყო განსაზღვრული.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი კვალიფიკაცია სრულად დაემორჩილა პოლიტიკურ დირექტივებს. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი დამნაშავედ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გამოაცხადა:
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს. როდესაც ეს ადამიანები ელისაშვილის ამ ქმედებას არადანაშაულებრივ ქმედებად აცხადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა და დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც დაწყებულია“, - განაცხადა კობახიძემ.
ადვოკატები განაჩენს უკანონოდ მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ. არჩილ ჩოფიკაშვილმა პროცესის მიმდინარეობისას არსებულ უზუსტობებზე გაამახვილა ყურადღება:
„ტერორისტული აქტი გულისხმობს მძიმე შედეგებსა და მძიმე საფრთხეების წარმოქმნას. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლე გვეუბნებოდა, რომ ხანძარს რომ გამოეწვია სასამართლო შენობის სრული განადგურება, 25-მილიონიანი ზარალი და სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტა, ეს არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზური განვითარება და ამ ჰიპოთეზური განვითარებისთვისაც კი ერთი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.
როდესაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა სანთებელაზე, იმის გასარკვევად, სანთებელა ფუნქციონირებდა თუ არა, ძალიან უცნაურია, როდესაც არ დაინიშნა ექსპერტიზა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა შენობა-ნაგებობის განადგურება.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურორი ცდილობდა წარმოეჩინა, რომ თურმე 1970 წელს აშენებული სასამართლოს ძირითადი, ექვსსართულიანი შენობა და 2014 წელს აშენებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ეზოშია და 8 მეტრით არის დაშორებული ძირითად შენობას, თითქოს ერთი შენობაა, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც გამორიცხულია“.
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეს არ არის ერთადერთი სამართლებრივი წარმოება. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში 2025 წლის 4 მაისს გაჩენილი ხანძრის საქმეზეც. პროკურატურა მას ამ შემთხვევაშიც ტერორისტულ დანაშაულს ედავება.
2025 წლის აგვისტოში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ალეკო ელისაშვილს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო, დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

